საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები


ინფლაცია

- ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.2%-ით მოიმატა

- საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3% შეადგინა

- ადგილობრივმა ინფლაციამ მარტში 4.7% შეადგინა, რაშიც პურის ფასის ერთჯერადმა ზრდამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


საბანკო სექტორი

- გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა

- დეპოზიტების დოლარიზაციამ, მარტში, 52.8% შეადგინა

- მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.4 პპ-ით, 43.1%-მდე გაიზარდა


საგარეო სექტორი

- იმპორტი - მარტში საქონლის იმპორტი წლიურად 14.3%-ით გაიზარდა. ზრდაში შუალედური და სამომხმარებლო საქონლის წვლილები თითქმის თანაბარი იყო - შესაბამისად, 6.3 და 6.1 პპ. საინვესტიციო საქონლის დადებითი წვლილი 1.9 პპ-ს შეადგენდა

- ექსპორტი - მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდაში წამყვანი იყო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი

- მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.