სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში შემწეობის მიმღებთა რიცხვი მაისთან შედარებით, 1359-ით 706 449-მდე გაიზარდა, აქედან 239 ათასზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა.
ივნისში ამ ადამიანების დახმარებაზე 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
საქსტატის ინფორმაციით, შარშან სახელმწიფოსგან შემწეობას მოსახლეობის 18% იღებდა, რაც 2023 წელთან შედარებით, 0.4%-იანი ზრდაა.
ცნობისთვის, მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება.
შეგახსენებთ, 2021 წლიდან მთავრობა ცდილობს სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შექმნას. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან მოქმედებს.
პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას და დამატებით ყოველთვიურად 300 ლარსაც მიიღებენ.
პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა.