"ღვინის კომპანია 91"-ის დამფუძნებლის, თამარ მარკოზაშვილის აზრით, სუბსიდია მავნე პრაქტიკაა, რომელზედაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაყრდნობა, წინსვლის წინაპირობა ვერ იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

„სუბსიდია მავნე პრაქტიკაა და იგივეა, რაც პაციენტს ჰაერი აპარატით მიაწოდო. ის უნდა იყოს ერთჯერადი, დროებითი გამოსავალი კრიზისული პერიოდებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ამხელა ინდუსტრიის სუბსიდიაზე დაყრდნობა წინსვლის წინაპირობა ვერ გახდება“, - განაცხადა მარკოზაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება სუბსიდია, კომპანია თვითმყოფადი ვერ ხდება და ინდუსტრიას საშუალება არ ეძლევა რომ განვითარდეს. ის დასძენს, რომ ინდუსტრიის განვითარება პატარა და საშუალო ტიპის ბიზნესებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან მათ არ აქვთ იმხელა რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ გლობალურ ბაზარზე.

“[სუბსიდიის პრაქტიკა] მოკლევადიანი შეიძლება იყოს და აუცილებელიცაა, მაგრამ როდესაც ამდენი ხნით გრძელდება, ამის პარალელურად კომპანია არ გახდა თვითმყოფადი, თუ არ მიეცათ ამის საშუალება, ფიზიკურად ვერ განვითარდება ინდუსტრია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯები მტკივნეულია, ჩემი აზრით აუცილებელია რომ ვიმუშაოთ თვითონ ინდუსტრიის განვითარებაზე გრძელვადიან ჭრილში“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რთველის სუბსიდირების პრაქტიკა 2025 წელს განსხვავებული მოდელით და გაზრდილი ბიუჯეტით გრძელდება.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთვლის სუბსიდირების მოდელი აგვისტოში წარადგინა. რთვლის სუბსიდირებაში წელს შარშანდელთან შედარებით 15 მილიონით მეტს, 50 მილიონ დოლარს დახარჯავს, თუმცა ამ თანხას არა კერძო კომპანიები, არამედ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" მიიღებს.

bm.ge