Galt & Taggart-ი წელს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელის. Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ამის შესახებ "საქმიან დილაში" განაცხადა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 7 მაისს არის დაგეგმილი. 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდა.

ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ინფლაციის არსებული დონის და პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკისგან ფრთხილი პოლიტიკის მოლოდინია. მისივე თქმით, განაკვეთის კლების გარეშეც, მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკა შერბილებულია.

"ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში ჩვენ უცვლელი პროგნოზი გვაქვს. ამის არგუმენტი ერთი ისაა, რომ ადგილობრივი ინფლაცია არის გაზრდილი, რაც საყურადღებოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნის ფაქტორებიდან ფასების დონეზე ზეწოლა გაიზარდა. დამატებით ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მონეტარული პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გარეშეც არის შერბილებული აპრილის მეორე ნახევრიდან. მაგალითად, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთსა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შორის დაშორება მოხდა იმიტომ, რომ ლარის რესურსზე იყო მოთხოვნა და ამან ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთები გაზარდა და მანამდე თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მიჰყვებოდა, დაშორდა. უკვე 20 აპრილიდან, ეს არის დაახლოებული. ამის ხელშემწყობი ისიც იყო, რომ სებ-მა დოლარის შესყიდვები დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ნაკლები დამხმარე მოვლენები ახლავს თან, რადგან ინფლაცია მზარდია, მიზნობრივ დონეზე მაღალია უკვე და ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან თუ ინფლაცია, ჩვენი პროგნოზის, 4-5%-ის ფარგლებში მოექცევა, ეს ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებულ დონეზე უნდა შენარჩუნდეს",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

bm.ge