„თვეში 590-ლარიანი შემოსავალი და მასზე მხოლოდ 50 ლარით ნაკლები ხარჯები ნიშნავს, რომ ადამიანს სამოქმედო სივრცე პრაქტიკულად არ ეძლევა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი არ აქვს“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ ადამიანზე, წინა წელთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარი შეადგინა. მეორე მხრივ, ერთ ადამიანზე საშუალო თვიური ხარჯები წლიურად 8.2%-ით არის გაზრდილი და 540 ლარს უტოლდება.

ფინანსისტის თქმით, ასეთი შემოსავალ-ხარჯების ფონზე, ადამიანს განვითარების, ინტერესებისა და სხვა აუცილებელი პრიორიტეტებისთვის სამოქმედო სივრცე არ რჩება.

„ეს დაახლოებით 10%-იანი დაზოგვის კოეფიციენტია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და იმის მანიშნებელია, რომ შემოსავლებში აუცილებელი ხარჯების წილი დიდია. ამ რიცხვებიდანაც ნათლად ჩანს ის, რასაც ისედაც ყველა კარგად ვხედავთ - ქართულ ოჯახებს დალხინებული ყოფა ნამდვილად არ აქვთ.

თვეში 590-ლარიანი შემოსავალი და მასზე მხოლოდ 50 ლარით ნაკლები ხარჯები ნიშნავს, რომ ადამიანს სამოქმედო სივრცე პრაქტიკულად არ ეძლევა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი არ აქვს - მას უწევს, გააკეთოს ის, რასაც აუცილებელი საჭიროება მოითხოვს, ჰობის, ინტერესების, განვითარებისა თუ სხვა ასევე აუცილებელი მოცემულობებისთვის თანხა პრაქტიკულად აღარ რჩება. ადამიანი მხოლოდ გადარჩენისთვის არ ცხოვრობს, მას განვითარება და საკუთარი იდენტობის შესაბამისი თუ შესაფერისი რაღაცებიც ესაჭიროება და, ვფიქრობ, ამაში არავინ შემედავება“.

კითხვაზე, როგორ შეიძლება დაპრიორიტეტდეს ასეთი მცირე შემოსავალ-ხარჯების ბალანსი ისე, რომ ადამიანმა ნორმალურად ცხოვრება შეძლოს, ბედინეიშვილი ამბობს:

„ზოგადად, რთულია ისაუბრო სხვადასხვა სეგმენტისა თუ ასაკის ადამიანების მაგივრად, რადგან ყველას თავისი ინტერესები, პრიორიტეტები და რეალობა აქვს. თუმცა, აი, მაგალითად, თუკი ახალგაზრდობის ეტაპზე ხარ, თუნდაც ასეთი შეჭირვებული ბიუჯეტის ფონზეც, ალბათ, სჯობს, აქცენტი განათლებაზე გააკეთო და ეს მიმართულება დააინვესტირო, რაც დიდი შანსია, სამომავლოდ უკეთესი შემოსავლების საფუძველი გახდეს.

სხვა მხრივ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ასეთი შემოსავლებისა და ხარჯების ფონზე, დიდი მოქნილობის საშუალება არ გეძლევა და შემოჭერილი ქამრებით ცხოვრება გიწევს“, - აღნიშნა ბედინეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: www.bpn.ge