ახალი რეგულაციის თანახმად, 2025 წლის 1 მაისიდან თვითდასაქმებულის სტატუსით გაწევრიანება საპენსიო სქემაში არის ნებაყოფლობითი. საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების უფლებამოსილება აქვს ყველა თვითდასაქმებულს, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
2025 წლის 1 მაისიდან გაწევრიანების/საპენსიო შენატანების განხორციელების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში თვითდასაქმებულები მიმართავენ საქართველოს საპენსიო ფონდს/იუსტიციის სახლის ფილიალებს ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარადგენენ განცხადებას თვითდასაქმებულის სტატუსით სქემაში გაწევრიანების თაობაზე, იმის მიუხედავად, ახორციელებდნენ თუ არა საპენსიო შენატანებს 2025 წლის 1 მაისამდე.
ხოლო, რაც შეეხება სქემის დატოვებას, მათზე იგივე მოცემულობა ვრცელდება, რაც ნებისმიერ სავალდებულო წესით ან/და ნებაყოფლობით გაწევრიანებულ დასაქმებულზე. დღეისათვის, მონაწილეები მხოლოდ პენსიის დანიშვნის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ტოვებენ დაგროვებითი სქემას. ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს საპენსიო ფონდმა დაარეგულირა და განსაზღვრა თვითდასაქმებულების დეფინიცია. ესენი არიან: მცირე მეწარმეები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც თვითონ ეწევიან საქმიანობას, ბრუნვა აქვთ და შემდეგ თვის, ან წლის ჭრილში ახდენენ დეკლარირებას. ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლები და დიპლომატიურ სექტორში დასაქმებული პირები.
"ჩვენ დავარეგულირეთ და განვსაზღვრეთ თვითდასაქმებულების სქემაში ჩართვის პროცესი. თუ აქამდე, ეს პირებიჩვენთან რეგისტრირებულები იყვნენ და ახორციელებდნენ დეკლარირებას, მათ ახლა უკვე ნებაყოფლობით შეუძლიათ საქართველოს საპენსიო ფონდის ოფისში, ან იუსტიციის სახლში მივიდნენ, დარეგისტრირდნენ და შემდგომ განახორციელონ შენატანი. ჩვენ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურთან გადავამოწმებთ და ამის საფუძველზე მოვახდენთ 4%-ის შეტანას მათ პირად ანგარიშზე", რომელსაც დამატებით დაერიცხება სახელმწიფოს 2% და ამონაგები. - აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.
რაც შეეხება - დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით შეძლებს - აღნიშნულის მონიტორინგი უკვე დაწყებულია.
გიორგი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დამსაქმებლების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2-ჯერ დაჯარიმების შემდეგ, საკითხი აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
"დამსაქმებლების მიერ საპენსიო დეკლარაციების შევსებასთან დაკავშირებით 2025 წლის 1-ელ მაისამდე საშეღავათო მიდგომაა და ავტომატური დაჯარიმების პრინციპი არ არის. 2024 წლის 1-ელი ივნისიდან, აღნიშნული საკითხის მონიტორინგის ფუნქცია საქართველოს საპენსიო ფონდს გადმოეცა და ჩვენ გვაქვს როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებები. ჩვენ ვითვალისწინებთ მონაწილის და დამსაქმებლების ინტერესებს და მათ გარკვეულ ვადებს ვაძლევთ. ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია ძველი პერიოდი წელიწადზე ერთი მაკორექტირებელი დეკლარაციით შეავსოს, ანუყველა შეუსაბამობა, რაც დასაქმებულის მიმართ ჰქონდათ წლიური დეკლარაციით გაასწორონ. უკვე გააქტიურდაბიზნესი და ჩვენ არაგეგმური შემოწმებებიც განვახორციელეთ. ბევრი კომპანია დადებითად გამოგვეხმაურა და ძველ ვალდებულებებს ასწორებენ. მონიტორინგის დაწყებიდან, კომპანიებს 30 დღეს ვაძლევთ, რომ არსებული ვალდებულებები შეასრულონ. 30 დღის შემდეგ კი ვაჯარიმებთ 500 ლარის ოდენობით. თუ კვლავ არ აღმოფხვრა კომპანიამ პრობლემა, ამის შემდეგ 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება და პერიოდის შესაბამისად საურავიც დაერიცხება. ჯარიმისა და საურავის შემთხვევაში კომპანია არ თავისუფლდება ვალდებულებებისგან. გარდა ამისა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმა მოგვცა უფლება, რომ საკითხი აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადავცეთ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელ მაისიდან ავტომატურად შეგვიძლია დაჯარიმება. თუ დამსაქმებელმა 15 რიცხვამდე არ შეასრულა წინა თვის დეკლარაცია, 16 რიცხვში ავტომატურად დაჯარიმდება. თუ კიდევ უფრო დააგვიანა, დაგვიანებულ დღეებზე დეკლარაციაში არსებულ მონაწილეთა სასარგებლოდ საურავები დაწესდება, რომელიც კანონით 8%-ით განისაზღვრება", - აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.