სიხარულით ვაცხადებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა არქიტექტურისა და დიზაინის გამოცემამ — Dezeen — მა ჩვენს პროექტს, მესტიის აეროპორტის ახალ ტერმინალს, ვრცელი სტატია მიუძღვნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია LSG Solutions ავრცელებს.
„მიგვაჩნია, რომ ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის მხრიდან დაფასება დიდ პატივთან ერთად კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანს — შევქმნათ ინოვაციური, კონტექსტზე მორგებული და მდგრადი არქიტექტურული პროექტები. მესტიის აეროპორტი სწორედ ამ მისიის ნათელი მაგალითია — ინფრასტრუქტურა, რომელიც ფუნქციურობასთან ერთად ადგილობრივ კულტურასა და გარემოს გამოხატავს.განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გუნდს და ყველა პარტნიორს, ვინც ამ მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა“, - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალზე გამოცხადებულ კონკურსში, 18 პრეტენდენტს შორის, კომპანია Green Studio-მ საუკეთესო პროექტი წარმოადგინა და, შესაბამისად, გაიმარჯვა. პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე სწორედ LSG Solutions-ის გუნდის არქიტექტორებმა იმუშავეს.
მესტიის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა მიმდინარე 2025 წელს უნდა დასრულდეს, თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა იქნება. ტერმინალის თავისუფალი გეგმარება ფუნქციურად მოიცავს გამგზავრებისა და მოფრენის ზონებს.