ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება,  ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა.

ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. 

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი სამჯერ დასრულდა უარყოფითი შედეგით. მორიგი, მეოთხე ტენდერი კი, სამმართველომ 2025 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა.

მეოთხე ტენდერიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული. ამ ტენდერის ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:

  • „დემეტრე თავდადებულის N10-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა;
  • ნონეშვილის ქ.N1-დან N6-მდე ტროტუარის მოწყობა;
  • მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები კი სამივე ლოკაციაზე, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 11 ნოემბრამდე უნდა დამთავრდეს.

batumelebi.netgazeti.ge