ბათუმში ქაოსური განაშენიანება გრძელდება, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პრობლემაა. ტურისტული ქალაქი გასართობ სივრცედ იქცა. ქალაქში ცხოვრებასა და დასვენებაზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა, გაიზარდა მოსახლეობის ოდენობაც. მართალია, ადგილობრივებისთვის ტურისტული სეზონი შემოსავლის წყაროა, მაგრამ მუდმივი ქაოსი და სიმჭიდროვე მათთვის უკვე აუტანელია.
ბათუმელებისთვის პრობლემაა ფასების მატებაც, რომელიც სეზონის მიმდინარეობას ახლავს თან. ზღვისპირა ქალაქში არსებულ პრობლემეზე ისაუბრა ინჟინერ-მშენბელმა გიორგი შვანგირაძემ და პირდაპირ აღნიშნა, რომ თუ ქალაქი არ განიტვირთება, იქ მცხოვრებლებს არაფერი ეშველებათ. სამომავლოდ კი ვითარება უფრო დამძიმდება.
"ბათუმში ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია, ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან ცუდია, დაბინძურება საკმოდ შესამჩნევია. მოკლედ, რომ ითქვას, ყველა პრობლემა, რაც შეიძლება ქალაქს ახასაითებდეს, ბათუმშია თავმოყრილი. ტურისტულ სეზონზე გადაადგილება შეუძლებელია, კომუნიკაციები დატვირთვას ვერ უძლებს.
განაშენიანებაზე როდესაც არის საუბარი, რატომღაც, ყველა მიიჩნევს მხოლოდ მშნებლობას და არ ხდება საგზაო პოლიტიკის შეფასება, მისი გადახედვა და განვითარება. აუცლებელია, რომ მაღალი კორპუსების სიახლოვეს, მთელი ქუჩა გაფართოვდეს და იქ ავტომობილებმა მოძრაობა შეძლონ. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბიზნესი კერძოა და ყველას მაქსიმალური მოგება სურს, ამიტომ არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ იქ ჩასულ ადამიანს საპარკინგე ადგილი სჭირდება. ამის გამო ხდება ის, რომ მანქანები რამდენიმე მწკრივად არის დაყენებული, რაც ასევე აფერხებს მოძრაობას.
ის, რომ შენობები არ აშენდეს და მშენებლობა აიკრძალოს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია, რომ გზების გაფართოება, სადაც ეს შესაძლებელია და საპარკინგზე ადგილების მოწყობაც. მუნიციპალიტეტმაც უნ იზრუნოს, ისეთი ნაგებობების მოწყობაზე, სადაც მანქანების პარკინგი მოხდება.
ბათუმში ასევე გვაქვს სანიაღვრე სისტემების პრობლემა, რადგან ყველა წვიმა პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ქალაქი დატბორილია. ციდან ჩამოსული ნალექის მაქსიმალურად კარგად გატარება უნდა მოხდეს, რომ ქალაქი არ დაიტბოროს. რაც შესაძლებელია უნდა მოხერხდეს კოლექტორების დამატება, ჭების გაფართოება და ა.შ. დიდი დატბორვისას ქალაქის ნაგვით ივსება, მით უმეტეს ზაფხულში. ნაგავი ზოგი საცხოვრებელ სახლთან იყრება, დიდი ნაწილის ზღვაშიც ჩადის და სწორედ ამიტომ ყოველ წელს არის ადამიანთა მასობრივი დაავადების შემთხვევები”, - განაცხადა გიორგი შვანგირაძემ.
სოციოლოგები ამბობენ, რომ ბათუმში არასეზონურადაც დაახლოებით იგივე მოცემულობაა, როგორც ზაფხულის პერიოდში. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი პაატა აროშიძემ და განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტების გავლენა ზამთრის თვეებშიც იგრძნობა.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბათუმის დღეისათვის არის არა მხოლოდ საკურორტო ქალაქი, არამედ არის შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ქალაქში მიმდინარე ყველანაირ სიტუაციაზე.
თავის დროზე როდესაც ბათუმი დაპროექტდა, გამოირჩეოდა ვიწრო ქუჩებით და ტროტუარებით, უფრო ფეხით სასეირნო ადგილები იყო, ვიდრე მსუბუქი ავტომობილების გადასაადგულებელი. დღეს კი, როდესაც ქალაქი გაფართოვდა და სასტუმროები, რესტორნები და სხვა დანიშნულების ადგილები გამრავლდა, იქმნება პრობლემა.
დღეს ავტობომილი აღარ არის ფუფუნების საგანი, ის არის გადაადგილების საშუალება და რეალურად, მანქანების სიმრავლე ბათუმში ქმნის აშკარა პრობლემას - მუდმივი საცობი, დამტვერიანების მაღალი დონე, სიძვირე. მაგალითად, ბათუმში სეზონული ხილი უფრო ძვირია, ვიდრე ვიდრე სხვა ქალაქებში. ეს მხოლოდ ხილს არ ეხება, არამედ ყველა პირველადი მოთხოვნის პროდუქციას. შეიძლება ტურისტმა დახარჯოს ბევრი ფული, მაგრამ მაღალი ფასები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, პრობლემაა.
ეს ყველა პრობლემა ქმნის ერთიან, საერთო სურათს, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი ვითარდება და ლამაზდება, მის უკან დგას გარკვეული სახის სერიოზული პრობლემები, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია.
ბათუმი არის ბიზნეს შეხვედრებისათვის დამახასიათებელი ადგილი და უცხოელი ვიზიტორები ზამთრის სეზონზეც არიან, მართალია, უფრო ნაკლებად, მაგრამ საკმაოდ იგრძნობა მათი გავლენა. ამიტომ მკვეთრი განსხვავება არ არის. საცობები და ეკოლოგიური პრობლემები ბათუმში სეზონზეც არის და არასეზონზეც”, - განაცხადა პაატა აროშიძემ.
ზღვისპირა ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა უძრავი ქონების სააგენტო "ჯი მაილერ ინტერნეიშენელ ჯორჯიას" დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ და აღნიშნა, რომ ბათუმში ხდება ნელ-ნელა ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება ჯოჯიხეთს დაემსგავსება.
„ბათუმი მაგალითია იმის, რომ სწრაფ განვითარებას, როდესაც ის ქაოსურად მიმდინარეობს, სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ბათუმმა ძალიან „იხეირა” რუსეთ-უკრაინის ომით, იქ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმიგრაცია და დაიწყო მოთხოვნის საოცრად გაზრდა, მოსახლეობა გაორმაგდა, რამაც გამოიწვია საოცარი სიმჭიდროვე.
ამას მოჰყვა არასწორი განვითარების ბევრი პრობლემა და ბათუმმა პრობლემის გადაჭრა კოეფიციენტის ზრდით გადაწყვიტა - ათზე მეტი კოეფიციენტი გაიცემოდა მიწებზე, რამაც სრული სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ქუჩები სავსეა ნაგვით, როგორც კი წვიმა მოდის მთელი ეს ნაგავი ჩადის ზღვაში.
ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ფაქტობრივად, ბათუმი გადაიქცა გართობის ქალაქად”, - განაცხადა ურუშაძემ.