გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.