ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე,  კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.

პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში  უნდა მოეწყოს  მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები,  სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები;

ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული  მაღაზია და კაფეტერია.

გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია  350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.

შენობა სრულად იქნება  ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, ქუთაისის სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდს  27 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

bp.ge