არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ რიყის დოქების აშენება თავის დროზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ის აღნიშნულ ტერიტორიას არ შეესაბამებოდა. არქიტექტორი ამბობს, რომ შენობამ ამ ლოკაციაზე დისონანსი შემოიტანა და მან თავისი მოცულობით ტერიტორიის პარამეტრები დაარღვია.

,,ცოტა დისონანსშია ეგ შენობები იმ ტერიტორიისთვის, სადაც განთავსდა თავის დროზე, საერთოდ, რომ აშენდა მაგ ფორმით. თავისი ფორმით, მოცულობით არღვევს ტერიტორიის პარამეტრებს. როცა რამე კეთდება ასეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, მე მომხრე ვარ, რომ ჩატარდეს კონკურსები და ასე შეირჩეს ნორმალური გადაწყვეტები. ის გადაწყვეტები, რომელიც საზოგადოებასთან იქნება შეთანხმებული.’’- აცხადებს ნიკოლოზ აბაშიძე.

არქიტექტორს ვკითხეთ, რიყის დოქების დემონტაჟის შემთხვევაში რა უნდა განთავსდეს ტერიტორიაზე. ნიკოლოზ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რადგან რიყე დასასვენებელ სივრცედ ჩამოყალიბდა, ტერიტორიას ეს ფუნქცია უნდა შეუნარჩუნდეს.

,,ეს არის დასასვენებელი სივრცე, რადგან დასასვენებელ სივრცედ შევქმენით, ალბათ უფრო კამერული, პარკისთვის გამოსადეგი მოცულობის უნდა იყოს. რაღაც პატარა, რომ არ შეუშალოს იქაურობას, თუმცა უკვე იმდენი დარღვევაა მანდაც, მეორე მხარესაც, მაგათ წინაც ხიდი რომ გაშენდა თავის დროზე. ეს არის დარღვევათა ერთიანობა. ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს. მე როგორც არქიტექტორს, ბევრი რამე შეიძლება მინდოდეს. ყოველთვის, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები საზოგადოებასთან ერთად უნდა გადაწყდეს. ჯერ უნდა იყოს კონსენსუსი იდეებში და შემდეგ იქიდან აირჩეს რაღაც სწორი. თითოეულ პიროვნებას შეუძლია რაღაც სხვა წარმოიდგინოს, რაც მისაღებია ან არ არის მისაღები. საზოგადოებამ უნდა იფიქროს ამ საკითხზე, ცოტა ფართოდ და პროფესიონალური მიდგომებით. ძნელი შესაფასებელია ერთი შეხედვით - ეს რომ ავიღოთ, მერე რა ჩავდგათ.’’- აცხადებს ნიკოლოზ აბაშიძე.

არქიტექტორი მიიჩნევს, რომ რიყის ტერიტორიაზე ამ შენობის განთავსება შეცდომა იყო. თუმცა, მიუხედავად ამ პოზიციისა ის რიყის დოქების დემონტაჟს არ ემხრობა. ნიკოლოზ აბაშიძე განმარტავს, რომ არქიტექტურა კონკრეტულ პერიოდში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოხატავს და მისი დანგრევა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, დაშვებული შეცდომა უნდა დარჩეს, რადგან ეს ყველასთვის ხილული იყოს, რომ მსგავსი შეცდომები მომავალში არ დაუშვან.

,,ჩვეულებრივ არქიტექტურა თავისი გადაწყვეტებით, ყოველთვის ასახავს იმ პერიოდს და იმ მდგომარეობას სახელმწიფოში, რომლის განმავლობაშიც ის იქმნება. მერე რჩება გარკვეული სახით ინფორმაციის გასახსენებლად თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში რაღაც პერიოდში. როგორც სარკე, ისე ინახავს ამას. აშენდა უკვე შენობა. ეს ფაქტობრივი მდგომარეობაა ჩვენთვის. ასე შეიძლება ყველაფერი დაანგრიო. ასეთი წესია - არქიტექტურა არ უნდა მოსპო, იმიტომ, რომ ის როგორც სარკე თავის თავზე იღებს ინფორმაციის დახასიათებას და მდგომარეობას სახელმწიფო-პოლიტიკური თვალსაზრისით. მისი დანგრევა სპობს იმ მდგომარეობის და ხელისუფლების სახეს, რაც იმ პერიოდში იყო, როდესაც ის აშენდა. ამიტომ, არასდროს არ არის მიზანშეწონილი უკვე აშენებულის და გაკეთებულის დანგრევა. ასე მიმაჩნია, რომ ის ყოველთვის უნდა დარჩეს, რომ ადამიანებმა ნახონ და არ გაიმეორონ იგივე შეცდომები. ის რაც აშენდა იყო შეცდომა და ეს შეცდომა უნდა დარჩეს. ასეთივე ტიპის გადაწყვეტილებით მეორე შეცდომას დავუშვებთ. მერე სხვა მოვა და ის სხვა დაანგრევს. ასე მთელი ცხოვრება ვიქნებით ნგრევა-აშენებებში. როდესაც აშენდა, მაშინაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო აშენდა ეს შენობა მანდ. ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი. ერთიც და მეორეც მიუღებელი ფორმაა დამოკიდებულების არქიტექტურის მიმართ და ქალაქ-გეგმარების მიმართ.’’- აცხადებს არქიტექტორი.