სამგორის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა – ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩები სრულად განახლდა. ორივე ქუჩის სიგრძე სამ კილომეტრამდეა, ხოლო ფართობი 57 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ბურჯანაძისა და ველისთვის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა კი მოწესრიგდა და დაიხაზა. დამონტაჟდა განათების ბოძები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ ველისთვის ქუჩა უკავშირდება გარდაბნის გზატკეცილს, რომელიც ასევე განახლებული და მოწესრიგებულია. ტერიტორიაზე დაიხაზა საავტომუსო ზოლიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი მოიცავდა წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის შეცვლას; ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები; ჩატარდა საგზაო სამუშაოები - დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარები, საგზაო ნიშნები და სავალი ნაწილი დაიხაზა; საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სამოძრაო ზოლი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები: ქუჩის პერიმეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო 350 კვ.მ ბალახის საფარი და დაირგო 805 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. გამწვანების სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტი თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ერთობლივად განხორციელდა და მისი საერთო ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს.
ადგილზე, კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და სამგორის რაიონის გამგებელი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს