თბილისის შემოვლითი გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის (ლოტი 4) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გზს-ის ანგარიშის თანახმად, საპროექტო მონაკვეთის სიგრძეა 10.9 კმ. საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 16 ხიდის, 2 საფეხმავლო ხიდის და 3 კვანძის მშენებლობა. ხიდების ჯამური სიგრძე იქნება დაახლოებით 1,4 კმ.

„საპროექტო გზაზე მოძრაობის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ, სავალი ზოლების რაოდენობა - 4x3.75 მ“, - აღნიშნულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული მონაკვეთი შესაძლოა, დაიყოს სამ მონაკვეთად: მონაკვეთი 1 - მოიცავს აეროპორტის კვანძის და ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებს, მონაკვეთი 2 - ლოჭინის კვანძის არეალს, მონაკვეთი 3 - საბაჟოს ტერიტორიის მიმდებარე ზონას.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო გზის პირველ და მეორე მონაკვეთებზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივნისსა და აგვისტოში გასცა. ცნობისთვის, პირველი მონაკვეთი წიწამურიდან იწყება და ავჭალასთან სრულდება, მეორე მონაკვეთი კი ავჭალიდან იწყება და თბილისის აეროპორტთან სრულდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ:

  • ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი - სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 150 მლნ დოლარია;
  • ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი - სიგრძე - 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება - 300 მლნ დოლარია;
  • აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი - სიგრძე - 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა).; მშენებლობის ღირებულება - 100 მლნ დოლარია;
  • ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი - სიგრძე - 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 70 მლნ დოლარია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი