Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მიუხედავად სახმელეთო მიმართულებით გადაზიდვების შემცირებისა, არსებობს მოლოდინი, რომ ზრდა იქნება. მისი შეფასებით, ეს პოლონეთის მხრიდან ბელორუსთან საზღვრის დაკეტვითაც შეიძლება იყოს განპირობებული. ამის შესახებ მან "საქმის კურსში" სტუმრობისას ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ წელს საქართველოზე გამავალ შუა დერეფანში სახმელეთო გადაზიდვები შემცირებულია როგორც სატვირთო ასევე სარკინიგზო მიმართულებით, თუმცა მარშრუტი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აქტუალობას ისევ ინარჩუნებს.

მიხეილ ნამადოვი ამბობს, რომ საქართველოს მისამართით წარმოქმნილ შესაძლებლობებს შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ, რომ დერეფანმა მიმზიდველობა არ დაკარგოს და განვითარდეს. ერთ-ერთი მთავარი კი მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

“ცოტა ხნის წინ პოლონეთმა, ბელორუსთან საზღვარი დახურა, ამან შუა დერეფანს კიდევ უფრო დიდი ბიძგი მისცა. ახლა სტატისტიკა კი ვაჩვენეთ, რომ კლება გვაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდი არის, რომ კიდევ გაიზრდება, იმიტომ რომ ამ ომის, რომელიც არ ვიცით როდის დამთავრდება, უფრო და უფრო ამძაფრებს და არ მგონია, რომ შუა დერეფნის პერსპექტივა უახლოესი 30-40 წელი შეიცვალოს.

ერთადერთი დამაკავშირებელი დღეს არის რუსეთი. სამხრეთის დერეფანი არ მუშაობს დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე და სანქციები აქვს ირანს. დღეს ერთადერთი უსაფრთხო და სანდო მარშრუტი შუა დერეფანია, თუმცა თავისი მულტიმოდალობიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია, რადგან ბევრი ქვეყანა მონაწილეობს. ჩემი აზრით, ამის განვითარება შესაძლებელია, რადგან მონაწილე ქვეყნები იმდენად პოლიტიზირებულნი არ არიან, ვიდრე თუნდაც ჩრდილოეთის თუ სამხრეთ დერეფნის მონაწილეები. ინფრასტრუქტურის პრობლემა არის, მაგრამ თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთიც ამას ბიზნესურად უდგება.

ვაგვიანებთ და ქმედითად თუ არ ვიმოქმედეთ, კარგ შესაძლებლობებს დავკარგავთ. მე არ ვამბობ, რომ ტვირთები შეწყდება თუ შუა დერეფანი არ განვითარდება, თუმცა ბუსტის გაკეთება, როცა მოთხოვნა არის ბაზარზე აუცილებელია. დღესაც ვკარგავთ საკმაოდ დიდ ტვირთებს იმის გამო, რომ დიდ გემებს ვერ ვემსახურებით და საქართველოს მეშვეობით გადის ეს ტვირთები, ჩადის თურქეთში და შემდეგ მათი გადამისამართება ან პირიქით თურქეთიდან ხდება”, - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი.

bm.ge