„თუ პაციენტი 50+ ასაკისაა და 15-წლიანი თამბაქოს მოხმარების სტაჟი ან ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვს, ფილტვის კიბოს სკრინინგი უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ონკოქირურგმა და თორაკალურმა ქირურგმა ანზორ ლაგვილავამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ და მეორე სტადიაზე ფილტვის კიბო განკურნებადია. ამასთან, ეს დაავადება სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. ამიტომ, მისი ადრეული გამოვლენა გამოჯანმრთელების შანსს ზრდის და ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი CT სკრინინგია. რაკი ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვედაა მიჩნეული, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, მთელი თვის განმავლობაში, დაბალდოზიანი CT სკრინინგის ჩატარება 270 ლარის ნაცვლად 90 ლარადაა შესაძლებელი.
„კომერსანტი“ ანზორ ლაგვილავას ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებსა და, მისი ადრეული გამოვლენის მიზნით, დაბალდოზიანი CT სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობაზე დეტალურად ესაუბრა.
.როგორია ფილტვის კიბოს სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში?
მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მლნ პაციენტი იღუპება ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით, მათ შორის 90% თამბაქოს მომხმარებელია. საქართველოში ყოველწლიურად ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის, დაახლოებით, 800 ახალი შემთხვევაა, აქედან პირველი და მეორე სტადიის სიმსივნეს 10-15%-ს წარმოადგენს, ხოლო მესამე-მეოთხე სტადიის სიმსივნეს - 85%.
რამდენად საშიშ დაავადებას წარმოადგენს ფილტვის კიბო სხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით?
ფილტვის კიბო სიკვდილიანობის მიხედვით მამაკაცებში პირველ ადგილზეა და პირველ ხუთეულშია ქალბატონებთან. უსწრებს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ძუძუს, პროსტატის და კუჭ-ნაწლავის კიბო.
რა არის ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი და ვინ არიან რისკ-ჯგუფში?
პირველ რიგში, მსოფლიოში ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად თამბაქოს მოხმარებაა მიჩნეულია. ვინაიდან ფილტვის კიბოთი დაავადებულების 90% აქტიური მწეველები ან ისინი არიან, ვისაც სიცოცხლის მანძილზე უწყვეტად 15-წლიანი სიგარეტის მოხმარების სტაჟი აქვს. ამავდროულად, ბოლო წლებში, ფილტვის კიბოს შემთხვევებმა იმატა ქალ პაციენტებში, რაც ქალებს შორის თამბაქოს მოხმარების გაზრდის ტენდენციასთანაა დაკავშირებული. თუ 20 წლის წინ დაავადებულებს შორის 10 მამაკაცზე მხოლოდ 1 ქალი მოდიოდა, დღეს 10 დაავადებულ მამაკაცზე 3 ქალბატონი მოდის.
დაავადების სხვა გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, ფიბროზი, ტუბერკულოზი ანამნეზში, ასევე გარემოს მავნე ზეგავლენა - ავტომობილის გამონაბოლქვი, რადიაციული ფონი, მავნე პროფესია (აზბესტ-ცემენტის ნაერთები, ლაკ-საღებავები, მაღაროელები-მეშახტეები და სხვა).
რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის კიბოს?
სამწუხაროდ, ფილტვის კიბოს პირველ და მეორე სტადიაზე პრაქტიკულად სიმპტომები არ გააჩნია, ხოლო მესამე-მეოთხე სტადიის დროს, როცა დაავადება პროგრესირებს, ისეთი სიმპტომები გამოვლინდება, როგორიცაა: ხველა, სისხლიანი ნახველი, ტკივილი გულმკერდია არეში, სუბფებრილური ტემპერატურა (დაბალი ტემპერატურა 37.5), ხმის ტემბრის შეცვლა, წონაში კლება და სხვა ზოგადონკოლოგიური სიმპტომები.
როგორ ხდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება? რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული სკრინინგი?
ვინაიდან, პირველ-მეორე სტადიაზე, როდესაც შესაძლებელია ყველაზე ეფექტურად ჩატარდეს სხვადასხვა მკურნალობა, ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება მსოფლიოში დიდ პრობლემას წარმოადგენს, ფილტვის დაბალდოზიანი კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევის გამოყენებით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროტოკოლი შეიქმნა. მისი უპირატესობა, რენტგენოლოგიურ კვლევასთან შედარებით, არის ის, რომ მას შეუძლია დააფიქსიროს მცირე ზომის 3მმ-მდე წარმონაქმნი ფილტვის ქსოვილში, რაც ფილტვის კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირების შანსებს ზრდის.
რას გულისხმობს ფილტვის დაბალდოზიანი CT სკრინინგი და ვისთვისაა რეკომენდებული?
ფილტვის დაბალდოზიანი CT სკრინინგი რეკომენდებულია ჩაიტაროს 50 წელს ზევით მწეველებმა ან 15-წლიანი მოწევის სტაჟის მქონეებმა, ასევე ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებმა (ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქოობსტრუქციული დაავადება, მავნე პროფესიის მქონე პირები, მაღაროელები, მძიმე მეტალთან მომუშავე, ლაკ-საღებავებთან და ცემენტ-აზბესტთან მომუშავე პირები).
ფილტვის კიბოს მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?
ფილტვის კიბოს მკურნალობა მოიცავს კომპლექსურ მიდგომას - პირველ-მეორე სტადიებზე მოწოდებულია ქირურგიული მკურნალობა, მესამე-მეოთხე სტადიაზე - ქიმიო და იმუნოთერაპია + სხივური თერაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტები თავიდანვე უნდა გადამისამართდნენ ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი პაციენტების მრავალმხრივი მკურნალობის გამოცდილება და სათანადო თორაკალური განყოფილებაა.
რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ ფილტვის კიბოს რისკ-ჯგუფებისა და, ზოგადად, მკითხველისთვის?
პირველ რიგში, აუცილებელია მავნე ჩვევებზე უარის თქმა. თუ პაციენტი 50+ ასაკისაა და მას 15-წლიანი თამბაქოს მოხმარების სტაჟი ან ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვს, ის რეგულარულად უნდა ჩაერთოს ფილტვის კიბოს სკრინინგ-პროგრამაში, ვინაიდან პირველ და მეორე სტადიაზე დაავადება პრაქტიკულად განკურნებადია. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.