უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა კრემლზე ზეწოლა გააძლიერონ, რადგან დრონები და სანქციები რუსეთის ეკონომიკის „სასიცოცხლო რესურსებს“ უტევენ - წერს Forbes.
"რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინული დრონების თავდასხმების კამპანია, სულ უფრო მეტად ძირს უთხრის მოსკოვის ეკონომიკურ საფუძვლებს" - აღნიშნავენ "ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარები.
ისინი მიიჩნევენ, რომ "ამჟამინდელი დინამიკა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, ეკონომიკური სანქციები გააერთიანოს კიევის „კინეტიკურ კამპანიასთან“, რათა კრემლი დათმობებზე დაითანხმოს".
„რუსული ნავთობის ექსპორტი, მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უთმობს პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხს ამდენ ყურადღებას“ - აღნიშნავენ ინსტიტუტის მკვლევარები.
უკრაინის საჰაერო თავდასხმებმა უკვე დააზიანა რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრის 21%-მდე. დრონები უკვე აღწევენ საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარე ობიექტებამდე.
ამან რუსეთში საწვავის კრიზისი გამოიწვია. საწვავის ფასები დაახლოებით 25%-ით გაიზარდა და დეფიციტი იგრძნობა ბევრ რეგიონში - აღნიშნავენ მკვლევარები.
„რუსეთის უდიდესი უპირატესობა ყოველთვის მისი ზომა იყო. თუმცა, ახალი დრონების არსენალის გამოჩენასთან ერთად, ეს უპირატესობა სისუსტედ იქცა. რუსეთს არ აქვს რესურსები მთელი თავისი ტერიტორიის დასაფარად.“
"დრონებით თავდასხმები, კრემლს აიძულებს, გადაანაწილოს მწირი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რაც ამცირებს მათ რაოდენობას ფრონტზე".
ინსტიტუტის მკვლევარები უკრაინის თავდაცვის მინისტრის სიტყვებს ციტირებენ: „თანამედროვე ომი რესურსების ომია და უკრაინა დავითია, რომელიც გოლიათის სუსტ წერტილებს ეძებს“ - აცხადებს მინისტრი.
"უკრაინული დრონების დარტყმებს კიდევ უფრო ამძიმებს დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსულ კომპანიებს 1990-იანი წლების სტილის ბარტერისკენ უბიძგებენ - მარცვლეულისა და სელის გადაცვლა ჩინურ მანქანებსა და სამშენებლო მასალებზე.
ბიუჯეტის დეფიციტი 150-ჯერ გაიზარდა და 4.2 ტრილიონ რუბლს მიაღწია" - წერენ ინსტიტუტოის მკვლევარები.
მათ მოჰყავთ დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის „Левада-Центр"-ის კვლევა, რომლის თანახმად, "რუსების 66%-ი, ამჟამად, მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - ასკვნიან მკვლევარები.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა