„ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ კოალიცია „რუსულ რეჟიმთან ვაჭრობაში არ შედის“.

„ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან“, - განაცხადა კუპრაძემ 4 ივლისს.

მცირე ხნით ადრე, იმავე საღამოს, მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას დაჰპირდა.

კუპრაძემ თქვა, რომ მართალია, პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, დაეკონტაქტონ პატიმრობაში მყოფ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, - ის მაინც ამბობს:

„ვიცი რა, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100% მათი პოზიცია ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით“.

„გზა რუსული ხომალდის მიმართულებით“ - ეს ფრაზა მიემართება უკრაინის კუნძულ ზმეინიზე მომხდარს: ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა 2022 წელს, ომის პირველ დღეს რუსული ხომალდის მოწოდებას დანებებულიყვნენ, უპასუხა რადიოეთერში წარმოთქმული ფრაზით: „რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ***-ზე“ ("Русский военный корабль, иди на х*й").

კუპრაძის განცხადების თანახმად, „ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა - ვიბრძოლოთ ყველა ველზე“.

„ლელო“ ემხრობა ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამას გეგმავს კიდეც - მიუხედავად მისი ლიდერების დაპატიმრებისა და სხვა არაერთი ოპოზიციური პარტიის კრიტიკისა.

ამასთან, კუპრაძემ მიმართა სალომე ზურაბიშვილს - რომელსაც პარტია „ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ მიიჩნევს:

„კვლავ ვცადოთ ერთიანობა და ავუსრულოთ მთავარი შიში ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს - ივანიშვილს ეშინია ერთობის და ეშინია საერთო ბრძოლის“.