ესპანეთის კონსერვატიული ოპოზიცია ამ შაბათ-კვირას ყრილობას გამართავს, რათა შეიმუშაოს სტრატეგია პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და სკანდალებში გახვეული მისი სოციალისტური პარტიის ვადამდელი არჩევნების გზით დასამხობად. უმცირესობაში მ ყოფმამემარცხენე კოალიციურმა მთავრობამ მძიმე დარტყმა მიიღო ორშაბათს, როდესაც ყოფილი მძიმეწონოსანი სოციალისტი, სანტოს სერდანი სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. ამ საქმეში ასევე გარეულია ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი, ხოსე ლუის აბალოსი - სანჩესის კიდევ ერთი გავლენიანი პარტნიორი, რომელიც მას 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა. ცოტას თუ ეპარება ეჭვი ბინძური გარიგებების ნამდვილობაში მას შემდეგ, რაც მედიამ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სახელმწიფო კონტრაქტების გაცემისთვის ქრთამის გადახდაზეა საუბარი და მეძავი ქალები არიან აღწერილნი.
ცალკე გამოძიებები მიმდინარეობს სანჩესის მეუღლისა და ძმის წინააღმდეგ, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ლიდერი, რომელიც ხელისუფლებაში კორუფციის აღმოფხვრის დაპირებით მოვიდა, საბოლოოდ დამარცხდება. კონკურენტი სახალხო პარტიის ყრილობა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ მან უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა იმ პირობებში, როდესაც სოციალისტები კორუფციული სკანდალით „ნაშობი“ პოლიტიკური ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობენ. ცენტრისტულ-მემარჯვენე ფორმირება თავის ლიდერად ხელახლა აირჩევს ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს, ახალ გენერალურ მდივნად კი მიგელ ტელადოს დაამტკიცებს. ეს უკანასკნელი აგრესიულ ფიგურად მიიჩნევა, რომელიც სოციალისტებს „მაფიას“ უწოდებს, ხოლო სანჩესს „კაპოდ“ მოიხსენიებს. „ამ და სხვა ცვლილებებით, სახალხო პარტია უფრო ხულიგნების ჯგუფს დაემსგავსება, ვიდრე ზომიერ კონსერვატიულ პარტიას“, - განაცხადეს საპასუხოდ სოციალისტებმა.
„შეცდომის“ რისკი
სახალხო პარტია გრძნობს სოციალისტების სისუსტეს, მაგრამ მთავრობის დამხობა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს გამართული ბოლო საყოველთაო არჩევნების შემდეგ, სახალხო პარტიას პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი აქვს, უმრავლესობის არქონის გამო, ფეიხოო მოწინააღმდეგისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებისგან თავს იკავებს. 350-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერც ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსთან“თეორიული ალიანსი უზრუნველყოფს და თან, ასეთი ნაბიჯი სხვა პოტენციურ მოკავშირეებსაც დააფრთხობს. მეორე მხრივ, 2023 წელს სანჩესმა ხელისუფლებაში დარჩენა მემარცხენე და რეგიონულ სეპარატისტულ ჯგუფებთან ალიანსის შეკვრით მოახერხა.
მადრიდის რეგიონში სახალხო პარტიის გავლენიანმა ხელმძღვანელმა, ისაბელ დიას აიუსომ თანაპარტიელები გააფრთილა, თავი შეიკავონ „მცდარი ნაბიჯების გადადგმისგან“, რამაც შეიძლება სანჩესის გაძლიერება გამოიწვიოს. თუმცა, სანჩესზე ზეწოლა კვლავ იზრდება: სახალხო პარტია მის გადადგომას ითხოვს, საკუთარ რიგებში კი უკმაყოფილება მატულობს. კასტილია-ლა მანჩას რეგიონის სოციალისტმა ლიდერმა, ემილიანო გარსია-პახემ რადიო Cope-ს განუცხადა, რომ პრემიერისთვის „ღირსეული გამოსავალი აღარ არსებობს“. საკონსულტაციო კომპანია Teneo-მ ყველაზე სავარაუდო შედეგად ვადამდელი არჩევნები იწინასწარმეტყველა, თუმცა, არ გამორიცხა, რომ სანჩესის მთავრობა2027 წლამდე, ანუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მაინც მიატანს.
„როგორც კი ქრთამის სკანდალის შესახებ დამატებითი ცნობები გამოჩნდება, მთავრობამ შეიძლება მოკავშირეების მხარდაჭერადაკარგოს“, - წერს Teneo თავის ანგარიშში. შაბათს სანჩესი მადრიდში სოციალისტური პარტიის ფედერალური კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელიც სერდანის მემკვიდრეს აირჩევს, ხოლო 9 ივლისს პარლამენტში კორუფციის საქმეზე განმარტებების მისაცემად მივა.
1 არხი