ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე არჩეულია - ახალ პოსტზე მის კანდიდატურას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს გიორგი გაბიტაშვილის ბიოგრაფია გააცნო.

გიორგი გაბიტაშვილს რიგითი სტაჟიორიდან გენერალურ პროკურორამდე ყველა პოზიცია აქვს გავლილი, ნიჭიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურშიც მისი საქმიანობა წარმატებული იქნება“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აუდიტის სამსახური და გენერალური პროკურატურა სტრუქტურულად განსხვავებულია, თუმცა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციები გაიცემა, გენერალურ პროკურატურაში კი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებია, მაგრამ ორივეს სჭირდება საქმის მოკვლევა, შესწავლა, შემოწმება და განხილვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბიტაშვილს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა სამომავლო გეგმებზე და აუდიტის სამსახურის სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ეს თანამდებობა სიმბოლური არ არის. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ვალდებულებას ავიღებ დავიცვა, კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები - ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.