„აგროსკოლა 2025“ დასრულდა - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
„„აგროსკოლა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის (IX-XII კლასები) შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აგრარული საკითხებით დაინტერესებულთათვის სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიღება და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩართვა, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
სასწავლო პროგრამა პირველად 2022 წელს განხორციელდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მიმდინარე წელს „აგროსკოლა“ 4 მარტს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა აგრარული საკითხების შესახებ, მონაწილეობდნენ საველე გასვლებში, გაიღრმავეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარები; მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული სპიკერებიც უძღვებოდნენ. აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, „აგროსკოლის“ კურსდამთავრებულები სამდღიან სასწავლო ტრენინგში, საველე პრაქტიკასა და ინფოტურებში მონაწილეობდნენ.
სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 3)” პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის დონორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)“ - ნათქვამია ინფორმაციაში.