ანტიკორუფციულმა ბიურომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულების წესი დაამტკიცა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, რეგისტრაცია ანტიკორუფციულ ბიუროში მოუწევთ. რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, უკანონოდ ჩაითვლება.

დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც ბიუროში რეგისტრაციისთვის იქნება საჭირო:

ა) პირველადი განცხადების ფორმა;

ბ) ინფორმაცია უცხოური პრინციპალის შესახებ;

გ) ინფორმაცია განმცხადებელსა და თითოეულ უცხოურ პრინციპალს შორის შეთანხმებისა და თანამშრომლობის შესახებ, ასეთი შეთანხმების შესრულებასთან ან თანამშრომლობის ბუნებასთან და მეთოდებთან დაკავშირებით.

რეგისტრაციის ვალდებულებისგან ავტომატურად გათავისუფლდება დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ აკრედიტებულად ჩაითვლება. გამონაკლისი წესი გავრცელდება ასევე კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობაში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი ვაჭრობის განსავითარებლად (ტერმინი ვაჭრობა გულისხმობს ნებისმიერი სახის საქონლის, მომსახურების ან ქონების გაცვლას, გადაცემას, შეძენას ან გაყიდვას). საგამონაკლისო საქმიანობა მოიცავს ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად საქართველოში ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის შემოწირულებების შეგროვებას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარული ან ტანსაცმლისა და საკვების შეგროვების მიზნით, თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს უფლება აქვს კანონიდან ამოიღოს ის პირები, რომლებზეც კანონი არ უნდა გავრცელდეს.

პირებს შეუძლიათ სააგენტოს მიმართონ კონსულტაციისთვის ვრცელდება თუ არა მათზე კანონი. 

კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით.

ცნობისთვის, 31 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა.