თურქეთში, ჰისარლიქის რაიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა ტროაში სამხედრო კონფლიქტის კვალი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს აღმოჩენა შესაძლოა ძველბერძნულ პოემაში „ილიადა“ აღწერილი მოვლენების მტკიცებულება იყოს.
უკანასკნელი ასობით წლის განმავლობაში მეცნიერები განიხილავდნენ, რეალურად მოხდა თუ არა ტროას ომი, რომელიც ჰომეროსმა აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ქალაქის ტერიტორიაზე ადრე უკვე აღმოუჩენიათ საბრძოლო მოქმედებების კვალი, მასშტაბური კონფლიქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები აქამდე არ არსებობდა. ახალი არქეოლოგიური ექსპედიციამ შესაძლოა ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს.
კვლევა ძირითადად ტროას VI და VII ფენებში ჩატარდა, რომლებიც ძვ. წ. XIII საუკუნით თარიღდება - იმ პერიოდით, როდესაც ანტიკური წყაროების მიხედვით, „ილიადაში“ აღწერილი მოვლენები უნდა ხდებოდეს. სწორედ ამ ფენებში იპოვეს მეცნიერებმა ხანძრის კვალი და ქაოსურად განლაგებული ადამიანის ნეშტები, რაც მოულოდნელ თავდასხმასა და ქალაქის განადგურებაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით საინტერესოა სასახლის კედლებთან, კომპაქტურად დალაგებული მცირე ზომის ქვები. სპეციალისტების თქმით, ეს არტეფაქტები, სავარაუდოდ ისინი იმ დროს გავრცელებული იარაღის - შურდულის სასროლი ქვებია. არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის არტეფაქტების ასეთი კონცენტრაცია ნათლად სამხედრო მოქმედებებზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენები პირდაპირ ვერ ადასტურებს „ილიადაში“ აღწერილი მოვლენების რეალობას, ისინი მოწმობენ, რომ ტროა მართლაც გახდა მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლი იმ პერიოდში, როდესაც ტროას ომი მიმდინარეობდა.