რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის მიღებამ როგორც ქვეყნის, ასევე ეკონომიკის განვითარებაზე. 

მისი თქმით, ამ კანონის მიღება ყოველმხრივ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

„ამ კანონის მიღება დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების ჭრილში. კომპანიებისთვის შეფერხდება და გართულდება დონორებისგან დაფინანსების მიღება. „რუსული კანონი“, რომელიც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

იმ ახალგაზრდების შემყურე, რომლებიც თავისუფალი არჩევანით გამოდიან და აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს, უკვე ფაქტია რომ უბრალოდ შეუძლებელია საზოგადოების დამარცხება.

ფაქტია, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორად ხდება, რომელიც გავლენას მოახდენს არამარტო მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზეც.

ყოველთვის გქონდა მოთხოვნა, რომ ვყოფილიყავით თანაცხოვრებაში დასავლეთთან, მაგრამ იმპერიების ჭიდილში ყოველთვის იმ მხარეს ვხვდებოდით, სადაც დამპყრობელი იყო და საქართველო დაჩაგრულის როლში ხვდებოდა. დღეს ეს ყველაფერი პირიქითაა და ამ დიდი, ფართოდ გაღებული ფანჯრის სურვილი ვიღაც მავანს არ აქვს და ქვეყნის მომავალს ხელს უშლის.

ვართ რეალობაში, რომელსაც პარადოქსი ჰქვია. ქვეყანა, როდესაც ევროპის გზაზე დგას, ამდენი ფანჯარა გვეხსნება და რაღაც უმეცარი კანონის მიღებით, ქმნი ბერკეტებს და წინაღობებს ქვეყნის განვითარებისთვის.

აქ მხოლოდ დასახელება „რუსული კანონი“ კი არაა, აქ არის რეგრესი, კომუნიზმი, აქ არის საბჭოთა კავშირი და რუსეთი, მტერი, რომელიც არ ჩერდება და ვიღაც ადამიანები არამხოლოდ თავის საზიანოდ, არამედ ქვეყნის საზიანოდ დგამენ ნაბიჯებს.

უგუნურობის ბევრი ნაბიჯი შეიძლება ახსნადი იყოს, მაგრამ ამდენად დიდი უგუნურობის მიზეზშედეგობრიობას ვერ ვიგებ“.

როგორც შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ეს არასტაბილური მდგომარეობა  ყოველდღიურ საქმიანობაზეც გავლენას იქონიებს.

„შარშან, მარტის თვეში ველოდებოდი ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ. გამოფრენის წინა დღეებში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ საქართველოში გამოსვლებია და შეხვედრა გადავდოთო.

ავუხსენი, რომ გამოსვლები იმიტომაა, რომ ჩვენთან დემოკრატიაა და ამ შემთხვევაში არავის არაფერი არ ემუქრება-თქო, მაგრამ ამ არგუმენტის მიუხედავად, მითხრეს, რომ სიტუაცია როდესაც დაწყნარდება, მაშინ ჩამოვალთო.

ეს ფაქტი სწორედ იმის მანიშნებელია, რომ არცერთი ინვესტორი არ განახორციელებს ინვესტიციას არეულ სიტუაციაში. იქ, სადაც სიტუაცია არასტაბილურად შეიძლება იქნეს აღქმული. საერთოდ ზედმეტია საუბარი ეკონომიურ განვითარებასა და მოლოდინებზე.

ჩვენ როდესაც ვირჩევთ ხელისუფლებას, მას საშუალებას და ვალდებულებას ვაძლევთ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის განვითარებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ხორციელდება, რა თქმა უნდა, იქნება უკმაყოფილება და ეს უკმაყოფილება არის ის, რაც ყველაფერს ამუხრუჭებს.

ამ ვითარებიდან მარტივი გამოსავალია. ეს ყველაფერი უკან დაბრუნდეს, ამაზე საუბარი აღარ იყოს და 26 მარტს რა სიხარულიც მივიღეთ, იმ განწყობებით შევძლოთ ქვეყნის მშენებლობა“.