გიდების სერტიფიცირება და ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ჯარიმები 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, მანამდე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მისაღები წესები და პირობები უნდა დამტკიცდეს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

ცვლილებების თანახმად, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე, სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. ამასთან, მის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიმართ სათანადო ზომების მიღებას.

ცვლილებების მიხედვით, ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. თუმცა, თავის მხრივ, ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება.

რაც შეეხება უცხოელი ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესებს, პირობებსა და საფასურს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ცვლილებების მიხედვით, ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ნორმატიული აქტის მიხედვით, ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი, ან კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ამის უფლება მიეცემა.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

რაც შეეხება სანქციების ნაწილს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არ ქონა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა განსაზღვროს:

იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა;

სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის საფასურები;

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი;

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, აგრეთვე ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი;

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი;

სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი.

ხოლო, 2025 წლის 1 ივნისამდე კი უნდა დამტკიცდეს:

ტურისტული გიდის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესი;

ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები და ამ ნიშნის ფორმა, აგრეთვე ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის წარმოების წესი და ტურისტული გიდის რეგისტრაციის ფორმა.

bpn.ge