მთავრობა ნადირობის რეგულირებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის 2025 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნადირობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, როგორც ნადირობის რეგულირების, აგრეთვე სამონადირეო მეურნეობების მართვის ნაწილში.

რაც შეეხება „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს მონადირის სტატუსის განსაზღვრა, ასევე სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფისა და მართვის საკითხების რეგულირება. 

უფრო კონკრეტულად:

ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების თანაბარი გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა;

მონადირის სტატუსის საკითხის დარეგულირება;

სამონადირეო ტერიტორიის (სამონადირეო სავარგულის) გამოყოფის, მისი გადაცემისა და მართვის საკითხების მოწესრიგება;

საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კერძოდ, ფაუნის ცალკეულ სახეობათა რიცხოვნობის ზრდა მათი აღრიცხვის, მონიტორინგისა და აღწარმოების ღონისძიებების გამოყენებით;

ნადირობის ტრადიციის შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სანადირო სისტემის შექმნა;

სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის ხელშეწყობა.

bpn.ge