ბოლო ასწლეულის განმავლობაში მყინვარების დნობის ტემპი შეუქცევად პროცესად იქცა. ალპებში, კავკასიაში, ჰიმალაიში, ანდებში თუ ალასკაზე - ყინულის საფარი ყველგან მცირდება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, XXI საუკუნის ბოლომდე შესაძლოა მსოფლიოს მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრეს.
კავკასიის რეგიონი, რომელიც ცნობილია მონუმენტური თოვლიანი მწვერვალებით, ამ გლობალურ პროცესში გამონაკლისი არ არის. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში აქ მყინვარების მასა საგრძნობლად შემცირდა, დნობის ტემპმა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, იმატა. ეს პირდაპირ აისახება როგორც ადგილობრივი ეკოსისტემების მდგრადობაზე, ისე მდინარეულ ჩამონადენზე, სტიქიურ პროცესებსა და მთის მოსახლეობის ყოფაზე.
დღეს სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ ცნობილ ქართველ მეცნიერ ლევან ტიელიძესთან, რომელიც მყინვარებს მსოფლიოს არაერთ რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც იკვლევს.
- თქვენი ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ ღემოტე შენსინგ-ში გამოქვეყნდა, ეხება კავკასიონის მყინვარების ცვლილებას მცირე გამყინვარების დასრულებიდან დღემდე, ასევე, თოვლის ხაზისა და კლიმატის ცვლილების რეკონსტრუქციას. მოკლედ აუხსენით ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს "მცირე გამყინვარება" და რატომ არის მნიშვნელოვანი მყინვარების კვლევა მაინცდამაინც ამ პერიოდიდან?
- "მცირე გამყინვარება" (Little Ice Age) იყო გლობალური კლიმატური ეპიზოდი დაახლოებით XIII-XIX საუკუნეებში, როდესაც ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით დაბალი იყო და მთის მყინვარები უფრო მასშტაბურ ზომებს აღწევდნენ. გამონაკლისი არც კავკასიის რეგიონი ყოფილა, სადაც დღემდე 2000-ზე მეტი მყინვარია შემორჩენილი. XIX საუკუნის დასაწყისიდან მყინვარებმა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად თანაბრად დაიწყო შემცირება, რასაც უპირველესად ადამიანის ინდუსტრიულმა საქმიანობამ და შესაბამისად, კლიმატის ხელოვნურმა დათბობამ შეუწყო ხელი.
- როგორც ვიცით, თქვენი კვლევა პირველი ცდაა კავკასიის რეგიონიდან, რომლის საფუძველზეც მოხდა კლიმატის რეკონსტრუქცია მყინვარების პარამეტრებზე დაყრდნობით.
- დიახ, ეს მართლაც პირველი სისტემური ცდაა კავკასიაში, როდესაც მყინვარების დინამიკის საფუძველზე შევეცადეთ კლიმატის ცვლილებების რაოდენობრივად შეფასებას. აქამდე ზოგადად ვიცოდით, რომ მყინვარები მცირდებოდა, მაგრამ არ გვქონდა კონკრეტული მაჩვენებლები, თუ რამდენად იყო ეს პროცესი კლიმატურ პარამეტრებთან კავშირში დროის ვრცელ მონაკვეთში (ბოლო 200 წლის განმავლობაში). ასევე, არ გვქონდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ იცვლებოდა თოვლის ხაზი (რაც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია) კავკასიონის მყინვარებზე "მცირე გამყინვარების" დასრულების შემდეგ. ჩვენი კვლევა გვაძლევს საშუალებას ეს სურათი უფრო კონკრეტულად დავინახოთ.
- რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად 12 პატარა მყინვარი კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე?
- დიდ მყინვარებს ინერცია აქვთ და მათზე კლიმატური ცვლილებები ნელა აისახება, მაშინ როცა პატარა მყინვარებში კლიმატური სიგნალი გაცილებით მკაფიოდ ჩანს. გარდა ამისა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობების შედარება გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, როგორ მოქმედებს კლიმატი განსხვავებულ ექსპოზიციებზე - მაგალითად, ვიცით რომ ჩრდილოეთი ფერდობები უფრო ცივია, სამხრეთი კი შედარებით თბილი და დნობის პროცესიც ინტენსიურია.
- რა მეთოდები გამოიყენეთ კვლევისას?
- ჯერ საველე გასვლებით შევისწავლეთ მყინვარების მდგომარეობა, გავზომეთ მორენები (მყინვარის მოქმედების შედეგად გაჩენილი რელიეფის ფორმები) და მყინვარის დაბოლოებები. ასევე, გამოვიყენეთ დისტანციური ზონდირება, რომლის საშუალებითაც დავამუშავეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები სხვადასხვა პერიოდიდან, რათა მყინვარების ზომები დროში შეგვედარებინა. ასევე გამოვიყენეთ თოვლის ხაზის გაზომვის სპეციალური მეთოდი, რომელიც ცალკეული მყინვარის გეომეტრიასა და აკუმულაცია-დნობის თანაფარდობას ეფუძნება. ბოლოს გამოვიყენეთ რეგიონული ტემპერატურული გრადიენტი, რათა თოვლის ხაზის ცვლილებების საფუძველზე მოგვეხდინა რეგიონალური ტემპერატურის რეკონსტრუქცია.
- რა არის თქვენი კვლევის მთავარი შედეგები?
- მთავარი დასკვნები მოკლედ ასე შეიძლება შევაჯამო: 1820-იანი წლებიდან დღემდე, ე.ი. მას შემდეგ, რაც "მცირე გამყინვარების" მაქსიმალური ფაზა დასრულდა, მყინვარების სიგრძე საშუალოდ 1,3 კილომეტრით შემცირდა. სიგრძეში შემცირების ტემპი განსაკუთრებით 1960-ანი წლებიდან გაიზარდა. ბოლო 200 წლის განმავლობაში თოვლის ხაზმა დაახლოებით 180 მეტრით აიწია, რაც ჩვენი გათვლებით, რეგიონული ტემპერატურის დაახლოებით 1.1°ჩ-ით მატებას ნიშნავს. ყველაზე დიდი დათბობა 1960-იან წლებიდან ფიქსირდება, როდესაც თოვლის ხაზმა 105 მეტრით აიწია და ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 0.6°ჩ-ით გაიზარდა.
- შეიძლება თქვენი შედეგების გამოყენება მყინვარების მომავლის პროგნოზირებისთვის ან კლიმატის მოდელირებისთვის?
- რა თქმა უნდა... მყინვარები კლიმატის ცვლილების ბუნებრივი სენსორებია და ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მოდელებისთვისაც. ჩვენი შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საწყისი მონაცემები, რათა უფრო ზუსტად ვივარაუდოთ მომავალი კლიმატის სცენარები, რა ბედი ელის კავკასიონის მყინვარებს და რა გავლენა ექნება ამას მტკნარი წყლის რესურსებზე, მდინარეულ ჩამონადენსა და მთის ეკოსისტემებზე.
- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ვიდეო, სადაც თქვენი ახალი კვლევის წინასწარ გაზომვებს აჩვენებთ. შედეგები დრამატული ჩანს.
- გლობალური კლიმატის ცვლილებების გამო კავკასიონის მყინვარები ბოლო ათწლეულებში ინტენსიურად მცირდება. დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატებამ და ნალექთა რეჟიმის ცვლილებამ გამოიწვია მყინვარების უკან დახევა, მათი სიგრძისა და ფართობის შემცირება, ზოგ შემთხვევაში კი მცირე მყინვარების სრულად გაქრობა. წინასწარი გაზომვები აჩვენებს, რომ 2015-2025 წლებში კავკასიონის მყინვარები დიდი ინტენსივობით იკლებს სიგრძეში. ერთადერთი მყინვარი, რომელიც სიგრძეში იმატებს, დევდორაკია, ყაზბეგში. დიდი მყინვარების სიგრძეში შემცირება კავკასიონის ცალკეული მონაკვეთების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამგვარად გამოიყურება: აფხაზეთის მყინვარები: მარუხი - 320 მ, სოფრუჯუ - 190 მ, საკენი - 490 მ; სვანეთის მყინვარები: უშბა (ენის აღმოსავლეთი ნაწილი) - 355 მ, ჭალაათ(დ)ი - 260 მ, ყვითლოდი - 440 მ, წანერი -−370 მ, ადიში - 260 მ, ხალდე - 200 მ, შხარა - 150; რაჭის მყინვარები: ედენა -−210 მ, ზოფხიტო -−290 მ, კირტიშო - 220 მ, ბოყო -−270 მ; ყაზბეგის მყინვარები: სუათისი (დასავლეთი) - 360 მ, სუათისი (ცენტრალური) - 280 მ, სუათისი (აღმოსავლეთი) - 190 მ, გერგეტი -−250 მ, დევდორაკი - +240 მ. ერთადერთი მყინვარი, რომელიც სიგრძეში იმატებს, არის ჩაჩი -−230 მ. დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კავკასიონის მყინვარების ამ ინტენსივობით შემცირება ყველა დროის რეკორდია.
უახლოეს წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია გლაციოლოგიური კვლევების კიდევ უფრო გაძლიერება, რაც გულისხმობს თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, გლობალური და რეგიონული კლიმატის ცვლილების გამომყინვარების დინამიკის სისტემურ შესწავლას, ასევე, მიღებული მონაცემების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
- რას ეტყვით ჩვენი მკითხველს, რომელიც ხშირად ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება "შორეული" პრობლემაა და ჩვენ არ გვეხება?
- კლიმატის ცვლილება რეალურად ჩვენთან ძალიან ახლოსაა. კავკასიონის მყინვარები, რომლებიც ასევე ჩვენი რეგიონის სიმბოლო და სავიზიტო ბარათია, თვალსა და ხელს შუა ქრებიან. ეს პირდაპირ აისახება წყლის რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე, მთის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ამიტომ კლიმატის ცვლილება მხოლოდ გლობალური პრობლემა კი არა, ჩვენი ყოველდღიური რეალობაცაა. მყინვარებს დიდი წვლილი შეაქვთ კავკასიის რეგიონის მდინარეული ჩამონადენის და ზოგადად, მტკნარი წყლის მარაგების რეგულირებაში. მყინვარებს ასევე დიდი გავლენა აქვთ მაღალმთიანი რეგიონების ბიომრავალფეროვნებაზე. კავკასიონის მყინვარებს შეიძლება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობაც ჰქონდეს მთის მოსახლეობის იდენტობაში, როგორც გამძლეობის და მკაცრი ბუნების სიმბოლოს. თანამედროვე მყინვარების არსებობა ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებასთან მაღალმთიან რეგიონებში. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მყინვარების როლი ბოლო წლებში გააქტიურებულ სტიქიურ პროცესებში. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში მყინვარებს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ. რაც შეეხება შენარჩუნებას, გამძაფრებული გლობალური დათბობის გამო უნდა ველოდოთ, რომ მყინვარების რაოდენობა და ფართობი კიდევ უფრო დაიკლებს და ეს, ალბათ, მთის მდინარეებში მყინვარულ ჩამონადენზეც უარყოფითად აისახება. მყინვარების მხოლოდ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებაზე ლაპარაკი ალბათ არასერიოზული იქნება, რადგან ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც პირველ რიგში ჰაერის ტემპერატურის მატებასთანაა დაკავშირებული. ტემპერატურის მატება, თავის მხრივ, გადაჭარბებული სითბური აირების გამოფრქვევითაა გამოწვეული, რაც დედამიწას გადაგრილების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, 2025 წლის მყინვარების შენარჩუნების საერთაშორისო წლად გამოცხადებით მეცნიერები მოუწოდებენ დიდ ქვეყნებს, რომ მოხერხდეს გლობალური დათბობის 1.5-2.0°C ზე შენარჩუნება, რათა თავიდან ავირიდოთ მყინვარების გაქრობა.