სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და მათ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროკავშირი, ასეთ პირობებში, არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს არსებითი ცვლილებების მოლოდინი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება.
„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და მათ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ინერციით ინარჩუნებს კეთილდღეობის გარკვეულ დონეს, საკმაოდ მაღალ დონეს, რაც დააგროვა უწყვეტი, 60-წლიანი მშვიდობის პერიოდში, მაგრამ ტენდენციები არის უმძიმესი. ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 % და შემცირებულია 17.5 %-მდე. ეკონომიკა არის ტაბუდადებული თემა. თქვენ რომ ნახოთ შეხვედრები ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით, ბიუროკრატების მონაწილეობით, ეკონომიკაზე არავინ საუბრობს. წარმოიდგინეთ, ამხელა ვარდნა აქვთ, რაც ნიშნავს პოლიტიკური გავლენების რადიკალურად განახევრებას და ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან, არ აქვთ დამოუკიდებელი დღის წესრიგი და ვინც გარედან მართავს, იმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროპის განადგურება - ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის რადიკალურად დასუსტება და იდენტობის დაკარგვა ევროკავშირისთვის. ხედავთ, რამხელა წარმატებას აღწევენ - ეკონომიკა ჩამოვიდა 17.5 %-მდე 30 %-დან და რაც შეეხება იდენტობას, პირველ რიგში, მიგრაციის გამო არის კატასტროფული პრობლემები, როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მაგალითად, ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი, ბერლინში - გერმანიის დედაქალაქში ასევე ყველაზე ხშირად დარქმეული სახელია მუჰამედი. იდენტობას კარგავენ, რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობას. გერმანიაში 50 %-ს ჩამოსცდა უკვე ქრისტიანობის ხვედრითი წილი, რელიგიური იდენტობა პირდაპირ იკარგება. ეს არის კატასტროფული ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით და ეს ხდება იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია შედგება არსებითად აგენტებისგან, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ამიტომ არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს არსებითი ცვლილებების მოლოდინი. თუ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება. დავიტოვოთ იმედი, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება და თუ მალე დასრულდება, შეიძლება გაჩნდეს ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივები. აშშ-სთანაც ვართ მოლოდინის რეჟიმში,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს