საქართველოში ნათესი ფართობები ისევ მცირდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები.
კერძოდ, 2025 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობებმა 129.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც წინა წლის იგივე პერიოდში 130,3 ათასი ჰექტარი იყო, 2023 წელს საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობებმა 137.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 148.7 ათასი ჰექტარი და ა.შ.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, წელს იანვარი-ივნისის მონაცემებით, მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) ნათესმა ფართობებმა 90.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში - 90.9 ათასი ჰექტარი იყო, 2023 წლის გაზაფხულზე - 94.4 ათასი ჰექტარი, 2022 წლის იგივე პერიოდში კი - 100.3 ათასი ჰექტარი.
ამასთან, წელს კარტოფილისა, ბოსტნეულ-ბაღჩეულის ფართობებმა - 27.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 25,7 ათასი ჰექტარი იყო, 2023 წლის გაზაფხულზე - 27.8 ათასი ჰექტარი, 2022 წლის იგივე პერიოდში - 29.7 ათასი ჰექტარი
სხვა კულტურები - 12,4 ათასი ჰექტარი, წინა წლის იგივე პერიოდში -13,8 ათასი ჰექტარიც, 2023 წლის გაზაფხულზე - 15,9ათასი ჰექტარი, ხოლო 2022 წელს - 18,7 ათასი ჰექტარი.
დარგის სპეციალისტები ნათესი ფართობების შემცირებას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასების შემცირებას უკავშირებენ. მათი თქმით, არსებულ პირობებში, ფერმერებს მოსავლის გაზრდის მოტივაცია არ აქვთ, რადგან დაბალმა ფასებმა ისედაც ფინასნური პრობლემები შეუქნათ.