საქართველოში ბაკალავრიატის სამედიცინო განათლების სექტორი ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების ძალიან მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება.

ამის შესახებ ჯანმოს ევროპის წარმომადგენლობის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ეს მონაცემი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„საქართველო პოპულარული დანიშნულების ადგილია საერთაშორისო ჯანდაცვის სპეციალისტების (ძირითადად მედიცინის) სტუდენტებისთვის. საქართველოში არსებული 25-ვე სამედიცინო სასწავლებელი ინგლისურ ენაზე ასწავლის (მათი უმეტესობა მხოლოდ ინგლისურ ენაზე ატარებს პროგრამებს), რომლებიც ძირითადად საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას ისახავს მიზნად. მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის მქონე ქვეყნებთან შედარებით, სომხეთს რვა სამედიცინო სკოლა აქვს, რომლებიც ინგლისურ ენაზე ასწავლიან, მოლდოვას რესპუბლიკას კი ერთი, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანს არც ერთი,“ - ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სამედიცინო განათლების სექტორმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდით. ბაკალავრიატის სამედიცინო განათლება ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ქვესექტორად იქცა, რამაც უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი შემოდინება გამოიწვია. საქართველოში ჯანდაცვის პროგრამებზე ჩარიცხვის საერთო რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2015 წელს 1186 სტუდენტიდან 2024 წელს 12 123-მდე, რაც 922.2%-იან ზრდას წარმოადგენს. 2024 წელს მხოლოდ სამ უნივერსიტეტში თითქმის 7000 საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა. ასეთ სტუდენტებს ხშირად შუამავალი კომპანიები და დასაქმების აგენტები იზიდავენ. საერთაშორისო აპლიკანტებს ხშირად იზიდავთ მარტივი რეგისტრაციის მოთხოვნები და პროცედურები, პრაქტიკულად არ არსებობს ჩარიცხვის კონკურსი, მიმზიდველ ფაქტორებს შორის სახელდება სწავლის შედარებით დაბალი საფასური (ჩვეულებრივ, წელიწადში 6000–10 000 აშშ დოლარი), სტუდენტური ვიზების მიღების სიმარტივე და ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

წყარო: jandacva.ge