,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საჯარო უწყებებში პოლიტიზების რისკებს ზრდის. საჯარო მოხელეებს კი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს ართმევს. ასე აფასებენ „კომერსანტთან“ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კანონის ახალ რედაქციას. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ურჩი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

,,ცვლილებები საჯარო სამსახურის რეფორმის გაუარესებად შეიძლება შეფასდეს, რადგან ის გამოყენებული იყო ურჩი საჯარო მოხელეების დასასჯელად. ცვლილებებმა ყოველგვარი დაცვის გარანტიების გარეშე დატოვა საჯარო მოხელეები. რთული იქნება გრადაცია ამ ცვლილებების, რომელი უფრო უარესია. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთზე უფრო უარესია. ცვლილებებმა ფაქტობრივად დაცვის გარეშე დატოვა საჯარო მოხელეები. მეორეს მხრივ, გააჩინა საჯარო დაწესებულებების პოლიტიზების რისკი.’’- განმარტავს საიას იურისტი გიორგი აბულაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტს განხორციელებული ცვლილებების შეფასება ვთხოვეთ და ვკითხეთ, რაში ხედავენ პრობლემას და რა რეალობა შეიქმნა საჯარო სამსახურში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ? გიორგი აბულაძე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად თანამდებობების პირებისათვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმებას ასახელებს.

,,პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, დეპარტამენტების უფროსები აღარ არიან საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირები. ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ითვლებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ეს პირები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, გაკეთდა ჩანაწერი, რომ არ შეიძლება ხელმძღვანელ პირზე მეტი ვადით იყვნენ ისინი დასაქმებულები. ახალი ხელმძღვანელი ფაქტობრივად ნიშნავს დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს, რაც ყველას აძლევს შესაძლებლობას თავისი კადრები ჰყავდეს საჯარო სამსახურში.’’- აცხადებს გიორგი აბულაძე.

კიდევ ერთი ცვლილება საკონკურსო კომისიის ფორმირებას შეეხო. კომისია საჯარო მოსამსახურეთა ახალი ნაკადის მისაღებად იქმნება. ცვლილების მიხედვით, მისი წევრი შეიძლება იყოს პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. საიას შეფასებით, ეს გარემოება აჩენს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურად ლოიალური პირები დაასაქმონ და ახალი კადრებიც ამ კუთხით შეარჩიონ. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ყველაზე პრობლემურ ცვლილებად რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებას ასახელებენ.

,,რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველია ის, რომ გამარტივდა რეორგანიზაციის პროცესი. შესაძლებელი გახდა, რომ თანამდებობიდან მარტივად გაათავისუფლონ პირები. ძველი რედაქციით, ამ ცვლილებამდე, საჯარო სამსახურს ჰქონდა ვალდებულება, როდესაც რეორგანიზაციას ახორციელებდა და უწევდა თანამშრომლის გათავისუფლება მისთვის შეეთავაზებინა სხვა პოზიციაზე ან მსგავსი ანაზღაურებით დასაქმება. ამგვარი ვალდებულება აღარ აქვთ. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირი თუ სასამართლოში შეიტანს სარჩელს და დაკმაყოფილდება მისი სარჩელი ეს არ აძლევს მას შესაძლებლობას იგივე პოზიციაზე იქნეს აღდგენილი. კანონში დარჩა შესაძლებლობა, რომ პირებმა რომლებიც გათავისუფლებული იქნებიან მიმართონ სასამართლოს და სასამართლოს გზით დაიცვან საკუთარი უფლებები, თუმცა ამ ცვლილებებმა გადაწყვეტილების აღსრულებადობის ვალდებულება გააუქმა. შეიძლება სასამართლომ ჩათვალოს, რომ კონკრეტული პირი გათავისუფლებულია უკანონოდ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაგრამ კანონი ფაქტობრივად გამორიცხავს ამ პირის იმავე პოზიციაზე აღდგენის შესაძლებლობას, რაც შრომის კოდექსის დარღვევაა. ის ასევე არღვევს ზოგადად უფლების მთავარ არსს. ფაქტობრივად, ეს კანონმდებლობა სამართალს ყოველგვარი დაცვის მექანიზმების გარეშე გვთავაზობს.’’- აცხადებს გიორგი აბულაძე.

,,საიაში“ მიაჩნიათ, რომ საჯარო მოხელეების შეფასების ახალი სისტემა პოლიტიზებისა და ურჩი თანამშრომლების დასჯის რისკებს ზრდის.

,,შესაძლებელი გახდა, რომ ნაცვლად ერთი წლისა ყოველ 6 თვეში მოხდეს თანამშრომლების შეფასება. დაემატა ისიც, რომ შეფასებიდან ერთ თვეში ხელმძღვანელს შეუძლია პირის შეფასება შეცვალოს. ამ ტალღას მოჰყვა ცვლილებების მეორე ტალღაც, რომელმაც გამოიწვია რამდენიმე უწყების, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია. ეს იყო ბიურო, რომელიც საჯარო სამსახურში კადრების ადმინისტრირებას, მათი უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა. ფაქტობრივად, ეს იყო დაწესებულება რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა იმისთვის, რომ პროფესიული საჯარო მოხელეები ყოფილიყვნენ ქვეყანაში და არა პოლიტიკური ნიშნით დასაქმებული პირები. მოხდა ამისი ლიკვიდაცია. მისი უფლებები კი მთავრობის ადმინისტრაციას ჩააბარეს. გარდა ამისა, ლიკვიდაცია შეეხო პარლამენტის კვლევით ცენტრს.’’- აცხადებს ,,საიას“ იურისტი.