საქართველოს გასტრონომია, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა, მრავალფეროვნებითა და უნიკალური კერძებით გამოირჩევა, რის გამოც გასტრონომიული რუკის შექმნა, კარგი იდეაა,- ამის შესახებ რადიო “კომერსანტის” ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ტურისტებში პოპულარულობით კვლავ აჭარული ხაჭაპური ლიდერობს, რომელიც საქართველოს გასტრონომიულ ნიშადაც კი იქცა.

,,საქართველოს გასტრონომიული რუკის შექმნა ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა. საქართველო პატარა ქვეყანაა და იმ გასტრონომიულ ქვეყნებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ასპარეზზე არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მრავალფეროვანია; ჩვენ გვაქვს ისეთი კერძები, რომლებიც მსოფლიოს სხვა არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. თუ რეგიონების მიხედვით დავყოფთ, კახეთში ძალიან ფასობს ხორცის კულტურა, იმერეთი გამორჩეულია ფხალეულით, სამეგრელო ცხარე კერძებით, გემოების შეზავებით, ელარჯით, მეგრული ხარჩოთი და ასე შემდეგ.

ცალკე გამოსარჩევია აჭარული ხაჭაპური, რომელიც ტურისტებში ძალიან პოპულარულია და შეიძლება ითქვას, თავისი განსაკუთრებულობით წინა პლანზე დგას. ფხალეულებში ძალიან პოპულარულია ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხინკალი, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება ტრადიციული საკვების გარდასახვას და მოდერნიზებულ მენიუს, სამწუხაროდ, მოთხოვნიდან გამომდინარე ეს საკითხი ჯერ არ დგას. ტურისტების ის რაოდენობა, რომელიც ამ სფეროს ასე განავითარებს, ჯერ ისევ არ გვყავს,  თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს დრო მალე მოვა”,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.