ამერიკული კორპორაციები, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორიცაა Apple, Intel და Nike, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვენ, ვიეტნამთან ურთიერთობებში „უფრო ლმობიერი“ იყოს და ამ ქვეყნიდან შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადები შეამციროს. ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ვიეტნამი დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აზიაში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო ომი დაიწყო, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ თავისი წარმოების ვიეტნამში გადატანა აირჩია, ამან ხელი შეუწყო აზიური ქვეყნიდან აშშ-ში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას და ვიეტნამის სავაჭრო პროფიციტმა აშშ-სთან გასულ წელს 125 მილიარდ დოლარს მიაღწია - მხოლოდ ჩინეთს და მექსიკას ჰქონდათ მეტი. თუმცა, საბოლოოდ, დონალდ ტრამპმა ყველაზე მეტად ეს ქვეყნები დასაჯა.

ჰანოიში მდებარე ამერიკის სავაჭრო პალატამ, რომელიც აერთიანებს ვიეტნამში ბიზნესით დაკავებულ ამერიკულ კომპანიებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიეტნამის მიმართ ასეთი მიდგომა უბრალოდ უსამართლოა სავაჭრო პოლიტიკის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, აზიაში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების შემოღება ეწინააღმდეგება თავად ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს შეამციროს ამერიკული ბიზნესის დამოკიდებულება ჩინეთიდან მოწოდებულ პროდუქციაზე.