"არაფორმალური განათლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა დაფინანსების სიმწირე და ფართო საზოგადოებისთვის ხარისხიან არაფორმალურ განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაა" - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში უნარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი საუბრობს.
არაფორმალური განათლების გამოწვევებზე საუბრისას ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ არაფორმალური განათლების ხარისხიანი კურსები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ბევრისთვის ფუფუნებაა.
"თუ ხარისხიანია განათლება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ჩართულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ეს ადამიანები, როგორც წესი, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან და, თუკი ამ ტიპის შეთავაზება არის მაღალი ხარისხის, ის ყოველთვის მაღალ ხარჯებს უკავშირდება. როგორც წესი, თუ გავიხსენებთ რაც დედაქალაქში ხელმისაწვდომი კურსებია, ყველა საკმაოდ ძვირად ღირებულია და მხოლოდ საზოგადოების ნაწილს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, შვილს შესთავაზოს ამ ტიპის სერვისი", - აღნიშნა ქიტიაშვილმა.
უნარების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებლობები კიდევ უფრო მწირია რეგიონების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ზრდასრულ ადამიანებს ეხებათ. თამარ ქიტიაშვილის თქმით, ზრდასრულებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო დასავლეთის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
"ძალიან მწირია ის არჩევანი, რასაც რეგიონებში, განსაკუთრებით კი მცირე ქალაქებში, დაბებში და სოფლებში იღებენ ახალგაზრდები და ბავშვები, ზრდასრულებზე აღარაფერს ვამბობ. მათთვის ძალიან შეზღუდული არჩევანია. თუკი შევხედავთ საერთშორისო სტანდარტს, მას 10-ჯერ ჩამოვრჩებით ზრდასრულებისთვის არაფორმალური განათლების შეთავაზების კუთხით.
საუბარია იმ ტიპის აქტივობებზე, რომლებიც ადამიანებს სოციუმთან ინტეგრაციაში, პიროვნულ განვითარებაში ეხმარებათ, იქნება ეს კულტურული ღონისძიებები, კლუბის წევრობა, სოციალური საქმიანობები თუ სხვა… ეს ყველა ადამიანს სჭირდება; არის პროფესიები და ადამიანები, რომლებიც არ არიან ეკონომიკურად აქტიურები და უკვე ჩნდება მათი სოციუმიდან გარიყვისა და კრიმინალიზაციის საფრთხეებიც კი, თუკი მათ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში, ამ ტიპის აქტივობების დასაფინანსებლად სახელმწიფო სპეციალურ რესურსს გამოყოფს", - განმარტავს თამარ ქიტიაშვილი BMG-სთან.