მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე 49.681 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან.

უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, 2026 წლისთვის დაგეგმილია 10 მილიონი ლარის დახარჯვა, 2027 წელს - 10.515 მილიონი ლარის, 2028 წელს - 14.583 მილიონი ლარის, ხოლო 2029 წელს 14.583 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში წერია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური ინტელექტის კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის გახსნას გეგმავს.

„აღნიშნული ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტდება შესაბამისი ექსპერტიზის მქონე სამუშაო ჯგუფით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციების განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის პროდუქტიულობის ზრდას, ახალი მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა-განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის ცენტრი შესთავაზებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს/ორგანიზაციებს ზემოაღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევის ჩატარებას და ასევე, სხვადასხვა ტიპის სერვისებს, როგორიცაა: კოლაბორაციული კვლევები, ტესტირება და ვალიდაცია, კონცეფციის გამოცდა, ბიზნეს კონსულტაცია, ტრენინგები და სხვა. პროგრამა ასევე მოიაზრებს საქართველოში და საზღვარგარეთ პოტენციური ინდუსტრიულ და სამეცნიერო პარტნიორებისთვის თანამშრომლობის შეთავაზებას“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

bpn.ge