ამბავი ასეთია: FAPESP Week France-ის ჯანდაცვის კონფერენციაზე წარმოდგენილი წინასწარი შედეგების მიხედვით, ამაზონის ტროპიკული ტყის მორიელის (Brotheas amazonicus) შხამი, შესაძლოა, ძუძუს კიბოს მკურნალობაში დაგვეხმაროს.
გლობალური მოსახლეობის დაბერება, დამაბინძურებლებისა და სტრესის ქვეშ მყოფი ეკოსისტემების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ კიბოს, დემენციის და სხვა დაავადებების მზარდ მაჩვენებლებად. ამიტომ, სამკურნალო ვარიანტების ძიება ზოგიერთმა მეცნიერმა შედარებით ნაკლებად სავარაუდო ადგილებში დაიწყო და შედეგმაც არ დააყოვნა. ამბობენ, რომ მორიელის კუდში იმალება ის, რითაც ძუძუს კიბოს დამარცხება შეგვიძლია.
პროცესების დასაჩქარებლად ბრაზილიელ მკვლევართა ჯგუფმა პოტენციური გენები „ქარხნული ორგანიზმის დნმ-ში“ ჩანერგეს, რათა გენის პროდუქტი შეექმნათ. შემდგომ კი მიღებული პროტეინების გამოცდის შესაძლებლობა მიეცათ, მაგალითად მორიელის შხამში არსებული ცილების, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევისთვის გატესტავდნენ.
„ამაზონის მორიელის ერთ-ერთ სახეობაში ისეთი მოლეკულის იდენტიფიცირება შევძელით, რომელიც სხვა მორიელების შხამებში არსებული მოლეკულის მსგავსია და ძუძუს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს“, — განმარტავს ელიანე კანდიანი არანტესი, ფარმაკოლოგი.
ქიმიოთერაპიის წამლების მსგავსად, BamazScplp1-ის მოლეკულა ნეკროზს იწვევს ძუძუს კიბოს უჯრედებში, რის შედეგადაც ეს უჯრედები სკდება და კვდება.
მართალია, განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც გველის შხამისა და პირუტყვის სისხლის კომპონენტისგან დამზადებული სისხლძარღვების ზრდას უწყობს ხელს — „ეს ზრდის ფაქტორი ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების ფორმირებას… სამრეწველო მასშტაბზე გაფართოების შესაძლებლობით, რადგან მისი მიღება ჰეტეროლოგიური ექსპრესიით არის შესაძლებელი“.
ეს ჰეტეროლოგიური ექსპრესია მკვლევრებს ბიოაქტიური მოლეკულების უკეთ გააზრებაში დაეხმარება, მათი ფუნქციების გაგებასა და განსხვავებულ მუტაციებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში, რაც სხვა ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით წარმოქმნით გახდება შესაძლებელი… მსგავსი მეთოდები კი დაგვეხმარება, ბუნებაში არსებული ფარული სამკურნალო საშუალებები აღმოვაჩინოთ.