საქართველოში, Starring Georgia-ს ფარგლებში Bruno Mars-ი იმღერებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, Starring Georgia-ს ფარგლებში იქნება ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა. 

„1-ელ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც ქართველი მოგზაურებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე აღსანიშნავია, რომ  Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ  Starring Georgia არის საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ივენთ კალენდარი, მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საერთაშორისო, მსოფლიო ღონისძიებათა კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს“, - აცხადებს მაია ომიაძე.

მსმენელს Bruno Mars-ის მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.