შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე მოწყობილი ზიპლაინის გახსნას სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 2025 წელს გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ობიექტის მართვა-ოპერირებაში კი, იტალიურ კომპანია Adrenaline X-Treme-ს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, უტენდეროდ, 45 ათას ევროს გადაუხდიან.

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოწყობაში ბიუჯეტიდან 9,21 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგმა“ ააშენა, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია იტალიურმა კომპანიამ უზრუნველყო. ამავე დოკუმენტების მიხედვით ჩირუხის ზიპლაინი „ევროპაში ყველაზე გრძელი 1789 მეტრი სიგრძის პარალელური [ორზოლიანი] ზიპლაინია“.

„ვინაიდან მოცემული ზიპლაინი თავისი მასშტაბით და სპეციფიკით წარმოადგენს ერთადერთ ზიპლაინს საქართველოში, მათი ტექნიკური უსაფრთხოების განმახორციელებელი პირი საქართველოში არ არსებობს.“ – წერს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შესყიდვების სააგენტოს და ამით ასაბუთებს, რომ სწორედ იტალიურმა კომპანიამ უნდა გასწიოს ჩირუხის მთაზე ზიპლაინის „ტექნიკური მართვის მომსახურება, რომელიც მოიცავს ობიექტის ტექნიკურ ოპერირებას, უსაფრთხოების წესების დაცვას და მონიტორინგს.“

„ობიექტი მაღალი რისკის შემცველია, საჭიროებს პროფესიონალურ მართვას და ოპერირებას, მოითხოვს უსაფრთხოების ყოველდღიურ მონიტორინგს, საჭიროებს მკაცრად გაწერილ უსაფრთხოების სტანდარტებს, ამ სტანდარტის სიზუსტით დაცვას, მათ შორის პროფესიონალ ტექნიკურ პერსონალს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია ზიპლაინის სეზონის გახსნის პირველ წელს ზემოაღნიშნული მომსახურება გასწიოს კომპანიამ Adrenaline X-Treme Adventures GROUP LTD, რომელმაც თავის დროზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და შპს „ანაგს“ შორის, 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყო მოცემული ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია.

ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რომლის გახსნაც წელს იგეგმება. პროექტის მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან მაღალია, გახსნის მოლოდინშია ტურიზმის სექტორიც.“ – წერს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შესყიდვების სააგენტოს.

თუმცა, კონკრეტულად როდის იგეგმება ჩირუხში ზიპლაინის გახსნა და როგორ მოხდება მისი ოპერირება მომდევნო წლებში? – ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ პასუხი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან“ ვერ მიიღო.

კომპანია სააგენტოს ასევე წერს, რომ ჩირუხის ზიპლაინი არის ერთ-ერთი ექსტრემალური სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტი, არის მასშტაბური სიდიდის, მისი მართვა, ტექნიკური ოპერირება, უსაფრთხოების მონიტორინგი საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას და კვალიფიციური კადრების მობილიზებას:

„ობიექტი მაღალი რისკის შემცველია და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭიროებს მკაცრად გაწერილ უსაფრთხოების სტანდარტებს, ამ სტანდარტის სიზუსტით დაცვას, მათ შორის პროფესიონალ ტექნიკური პერსონალს, რომლებიც გადამზადებული იქნებიან ოპერირების, მართვის, სამაშველო აქტივობების წარმოების, უსაფრთხოების მონიტორინგის და სხვადასხვა მიმართულებით.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებლობად მიგვაჩნია ზიპლაინის სეზონის გახსნის პირველ წელს Adrenaline X-Treme Adventures GROUP LTD-მ უზრუნველყოს ტექნიკური მართვის ზემოაღნიშნული მომსახურებები. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს შესყიდვის საჭიროებას.“

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2022 წელს 6 752 200 ლარით ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. შემდეგ კი, 2023 წელს, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა.

[ამ კომპანიის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს].

batumelebi.netgazeti.ge