დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა. აღნიშნულ პერიოდში დაცულმა ტერიტორიებმა 1 015 024 ვიზიტორს უმასპინძლა. 

ამავე ცნობით, გასულ წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% ( 589 841 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

მარტვილის კანიონს 
პრომეთეს მღვიმეს 
მტირალას ეროვნულ პარკს 
სათაფლიას 
წალკის კანიონს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანამდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მოსაწყობი სამუშაოები, რათა კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა.