„ელემენტარულიც რომ გაკეთდეს სამონადირეო ტურიზმის მიმართულებით, პირობას ვდებ, რომ ტურისტს ვერ მოვიშორებთ“ - როგორც მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბინეზპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ჩინელებისგან იყო დიდი დაინტერესება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო ესეც შეფერხებულია.
“ამ სფეროს ხელშეწყობისთვის, აუცილებელია ჩაერთონ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროები. მითუმეტეს ახლა, როდესაც მრავალ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. მაგალითისთვის მხოლოდ ჩინეთიც კი გვეყოფა, სადაც ნადირობა აკრძალულია და ჩინეთის მოსახლეობა იძულებულია სხვა ქვეყნებში ინადიროს, ჩინელების 0.001% რომ ჩამოვიდეს აქ, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება?! ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“ - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ სამონადირეო ტურიზმი არაპირდაპირი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ეს დარგი კარგად არის განვითარებული.
„აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად, დასტურდება, რომ სამონადირეო ტურიზმი ქვეყნის არაპირდაპირი შემოსავლების უდიდეს წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია იმ ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინება, სადაც ეს დარგი კარგად არის განვითარებული და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მოაქვს,“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, დღესდღეობით სამონადირეო სფეროზე მოთხოვნა საქართველოში გაზრდილია, რაც გამოიხატება ტურისტული კომპანიების მაღალი აქტიურობითა და დაინტერესებით.
„სამწუხაროდ, ქვეყანა არ არის მზად და ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, რადგან სამონადირეო ტურიზმი სტიქიურად და არაორგანიზებულად ვითარდება, არ არის კეთილმოწყობილი სათადო ინფრასტრუქტურა და დაბალია სანადირო მეურნეობების რიცხვი. თუმცა, შეინიშნება დადებითი ტენდენციებიც, მაგალითად შეიქმნა ველური ბუნების სააგენტო, რომელიც ამ საქმეს ემსახურება. ასევე, განხილვის სტადიაში კანონი ნადირობის შესახებ“ - განაცხადა თემურ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა.