„თუ ჩემი კოლეგები საუბრობენ, რომ [სამოგზაურო პაკეტებზე] ფასები მაღალია, მათ ამაში ვერ დავეთანხმები“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული კომპანიების Travelfy-სა და Around the world-ის დამფუძნებელმა, გიორგი მელიქიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ავიაბილეთებზე ფასები გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია, ხოლო სასტუმროებზე არსებული 5-10%-იანი ზრდა ამ ცვლილებას აბალანსებს.
„თუ ჩემი კოლეგები საუბრობენ, რომ ფასები მაღალია, მათ ამაში ვერ დავეთანხმები. ავიაბილეთის ნაწილში როგორც მინიმუმ, შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით, ფასები დაბალია. თვითონ მიმართულება თუ განვიხილავთ, სასტუმროს ნაწილში 5-10%-იანი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ამას ავიაბილეთის ფასის კლება აბალანსებს“, – განმარტავს მელიქიშვილი.
მისივე თქმით, ფასების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა „ბოლო წუთის“ ჯავშნებმა, რამაც ავიაბილეთებზე მოთხოვნისა და ფასების დინამიკა შეცვალა.
„ძალიან ბევრი ავიაკომპანია ძალიან დაბალი ფასებით შემოვიდა ბაზარზე. ბოლო წუთზე გაზრდილი ჯავშნები ავიაბილეთის ფასებზე დადებითად აისახა და ფასები შემცირდა“, – დასძენს ის.
მელიქიშვილის შეფასებით, მიუხედავად სეზონური მერყეობისა, გამყვანი ტურიზმის მაჩვენებელი წელს გასული წლის დონეზეა და აგვისტოს ბოლოსთვის მოგზაურთა რაოდენობა გასული წლების შესაბამისად, ანალოგიურ მაჩვენებელზე იქნება.
რაც შეეხება წელს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს, მისი თქმით, ლიდერობს პორტუგალია, ხოლო თურქეთი, კვიპროსი და საბერძნეთის კუნძულები კვლავ ტრადიციულად პოპულარულია.
„საბერძნეთის მიმართულებით ფრენები დაემატა თბილისიდან, ასევე ფრენა შესაძლებელია ქუთაისიდანაც, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ ორივე ქალაქიდან იმოგზაურონ“, – ამბობს მელიქიშვილი.