უკვე მეორე წელია ბაკურიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს ასრულებს. სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება 2024 წლის დასაწყისში გაფორმდა.
პროექტების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება და წყალარინების ქსელის მშენებლობა. აღნიშნული პროექტები სამ ლოტად მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით - ჯამში 150 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის დასრულების ვადად 2026 წლის ბოლოა განსაზღვრული.
გზის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, გადათხრილი გზები, ორმოები და სარემონტო მტვერი ბაკურიანის საზაფხულო ტურიზმს აზიანებს. სასტუმროებისა და კოტეჯების მეპატრონეები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო დაბაში წელს ტურისტების რაოდენობა განახევრდა.
Villa Palace-ის ინფორმაციით, აგვისტოში სასტუმროში ჯავშნების მხოლოდ 30%-ია დაკავებული, მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80% იყო.
,,ამ ზაფხულს ბაკურიანში ძალიან ცუდი სიტუაციაა, რადგან გზები გადათხრილია, ყველა ჩიხში თუ ცენტრალურ გზაზე სარემონტო სამუშაოებია, რომელიც არასდროს არ დასრულდა. სტუმრებს არ სურთ, რომ ჩამოვიდნენ, რადგან ბაკურიანის ჰაერი კი კარგია, მაგრამ მტვერია, ყველა გავლილი მანქანა გზას ამტვერებს და არ სურთ, რომ ამ სიტუაციაში დაისვენონ.
სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია, როდის მოგვარდება გზის პრობლემა.
ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 50%-ია, აგვისტოს თვეში კი საერთოდ 30%-საც არ ველოდებით. გასულ წელს ჩვენ ჯავშნების თითქმის 80% წინასწარ გვქონდა დაჯავშნილი",- აღნიშნა Villa Palace-ს წარმომადგენელმა.