„ივლის-აგვისტოში კარგი ტურისტული ნაკადები შემოდის“, - ამის შესახებ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს და მიმდინარე ტენდენციებზე საუბრობს.

როგორც ჰოტელიერი აღნიშნავს, ამჟამად აქტიურად შემოდინება ტურისტი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. გარდა არაბული ქვეყნებისა, მოგზაურები არიან პოლონეთიდან, ისრაელიდან და ევროპიდან.

„ივნისში არათანაბარი ჯავშნები იყო ისრაელში არსებული მდგომარეობის გამო. ისრაელიდან ბევრი ჯავშანი იყო, ომი რომ დაიწყო, გაუქმდა, მაგრამ ძალიან მალე აღდგა. აქედან გამომდინარე, სტაბილური დასაწყისი ზაფხულს არ ჰქონია. ყოველთვის მე-5-მე-6 ადგილზეა მასობრივი ტურიზმის კუთხით ისრაელი, ომის გამო, მთელი ერთი თვე მდგომარეობა საკმაოდ შეირყა.

ივლისი ძალიან კარგი იყო, აგვისტოსაც კარგს ველოდებით. განსაკუთრებით აქტიურობს ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რადგან იქ ახლა ძალიან ცხელა, არდადეგები აქვთ და მოგზაურობენ. ივლის-აგვისტოში კარგი ტურისტული ნაკადები შემოდის, ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს სასტუმროებს, კოლეგებსაც ვხვდებით და ვიცი, რომ თბილისშიც კარგი ნაკადებია“, - ამბობს ჰოტელიერი.

მაია მურაჩაშვილის თქმით, წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ინდივიდუალური ტურისტები რაოდენობა მეტია, ვიდრე ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების.

„სექტემბერი უპროგნოზოა, როდესაც წინასწარ პროგნოზს ვაკეთებთ, მერე არ მართლდება ხოლმე. შესაძლოა, ისევ რამე მოხდეს, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. მაგრამ, ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი ნაკადებია, თუმცა ინდივიდუალური მოგზაურები უფრო ჭარბობს, ვიდრე ჯგუფური ორგანიზებული ტურები.

გარდა არაბული ქვეყნებისა, ტურისტები არიან პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან. დასავლეთ ევროპიდან უფრო ინდივიდუალური მოგზაურები მოდიან, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, გვიხარია რომ მაინც ჩამოდიან“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.

ჰოტელიერები ჩვენთან საუბრისას წინა პერიოდებში აცხადებდნენ, რომ აზიური სეგმენტი დაბალმხარჯველობით გამოირჩეოდა. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხარჯვის კუთხით ტურისტული სეგმენტი, მურაჩაშვილი გვპასუხობს, რომ „არაფერი არ შეცვლილია“.

„ისევ დაბალბიუჯეტური ტურისტები მოდიან აზიიდან. ასეთი მოთხოვნებიც აქვთ უკვე, რომ თვითონ მოდიან კონკრეტული შეთავაზებით და სასტუმროებში აგზავნიან „ტენდერს“, რომ „მაქვს ჯგუფური ჯავშანი და ამ თანხაში თუ მომცემთო“. ზოგჯერ ისეთი დაბალი ფასია, ღირებულებასაც ვერ სწვდება, მაგრამ კონკურენციის გაწევისა და გადარჩენის მიზნით ხანდახან უხდებათ სასტუმროებს ამაზე წასვლა, რაც ცუდი პრეცედენტია. საფასო პოლიტიკა ჩვენი განსასაზღვრია, რადგან ვიცით რა გვიჯდება მომსახურება, ოპერაციული ხარჯები და აქედან გამომდინარე, სხვამ არ უნდა გვიკარნახოს ფასი, ჩვენ უნდა დავსვათ ფასი და ამაზე მყარად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მაია მურაჩაშვილმა.

წყარო: www.bpn.ge