დასასვენებელი ადგილის შერჩევიდან სასტუმროს არჩევამდე მოგზაურობის შესახებ ყველა გადაწყვეტილების 82%-ს ქალები იღებენ. ამის შესახებ Skift Research-ის 2024 წლის ანგარიშზე დაყრდნობით National Geographic წერს.

ამასთან, ქალები უფრო ხშირად მოგზაურობენ, ვიდრე მამაკაცები: დღეს მსოფლიოში მოგზაურთა 64% ქალია. ამდენად, გლობალური ტურისტული ინდუსტრია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ქალების ხარჯზე განიცდის.

კერძოდ, ამ აშკარა დისპროპორციამ ტურიზმის ახალი სახეობა, მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ტურები წარმოშვა და ეს ტენდენცია დღეს მეტად სწრაფად ვითარდება.

ბოლო წლებში ქალთა ტურიზმზე სპეციალიზებული ტურისტული კომპანიების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა. არსებული ოპერატორები თავიანთი პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებენ და მათ ქალი კლიენტურის მიხედვით ადაპტირებენ. Adventure Tours UK-ის დამფუძნებელ კლერ კოუპმანის განმარტებით, „ამჟამად უფრო მეტ ქალს აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ საკუთარი საქმის კეთება შეძლოს.”

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალი პარტნიორთან ერთად ან დამოუკიდებლად არ მოგზაურობს და ბევრი ჯგუფურ ტურებს უერთდება. ჯგუფებში გაწევრიანების მიზეზი ხარჯის დაზოგვა და უსაფრთხოებაა. იმის მიუხედავად, რომ შერეული, ანუ მამაკაცებისა და ქალთა ჯგუფების ტურები გარკვეულწილად ორივე ამ პრობლემას აგვარებს, ზოგიერთი ქალი-მოგზაურისთვის მხოლოდ ქალთა ტურები გაცილებით უსაფრთხო და ფსიქოლოგიურად კომფორტულია.

„მე მხოლოდ ქალთა ჯგუფს ვირჩევ, რადგან პასუხებს სხვა ქალებისგან ვეძებ,“ - აცხადებს ადამიანური რესურსების მენეჯერი, ჯოზი პრაიორი.

იმის გამო, რომ დები არ ჰყავს, რომლებსაც მიმართავდა, პრაიორისთვის მხოლოდ ქალთა ტურები მნიშვნელოვან სივრცედ იქცა ქალური საუბრებისთვის, რომლებიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აკლდა.

„ზოგიერთი ჩვენგანი ღიად საუბრობს ისეთ საკითხებზე, რაზეც მეგობრებთან ვერ ისაუბრებდა. რაკი ერთმანეთს არ ვიცნობთ, არავინ არავის განსჯის,“ - განმარტავს პრაიორი.

bpn.ge