მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში, ახალგახსნილი ტურისტული ობიექტის - KHEDI winery-ის დამფუძნებელმა თამაზ ჭუმბაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დამსვენებლები როგორც ქართველები, ასევე უცხოელები არიან.
„ჩვენი ტურისტული ობიექტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 2 თვის წინ, გაიხსნა. კომპლექსი მოიცავს ღია აუზს, 5 სასტუმრო ნომერს, იმერულ ოდას და რესტორანს. ჯამში ჩვენს ობიექტში 22 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მოგეხსენებათ, რომ ლაგოდეხი ძირითადად იმერლებით და რაჭველებით დასახლებული მუნიციპალიტეტია. შესაბამისად, ვეცადეთ იმერული, რაჭული და კახური ტრადიციები გაგვეერთიანებინა. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. სტუმრები უკვე გვყავდა ევროპის არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სხვ. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპელი ტურისტების მზარდ ინტერესს. გარდა ამისა, დიდი დაინტერესება და მოთხოვნა წამოვიდა ქართველების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც.
წინასწარი ჯავშნების მაჩვენებლებში ჩვენი მომხმარებლების 40% უცხოელია, ხოლო 60% ქართველი“, - აცხადებს თამაზ ჭუმბაშვილი.