ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის მორიგი კონტრაქტი გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, 28 ივლისს, 649 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა დუბაიში რეგისტრირებულ კომპანია FLC Marketing Management LLC-სთან.
ხელშეკრულების ღირებულებიდან 550 000 ევრო წარმოადგენს უშუალოდ მომსახურების საფასურს, ხოლო დარჩენილი თანხა მოიცავს გადასახადებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს. მომსახურების მიწოდება 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ძირითადად შეეხება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთსა და ქუვეითს.
სარეკლამო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია:
-
OOH/DOOH კამპანიები: მაღალი გამავლობის ეკრანებზე სარეკლამო რგოლების განთავსება აბუ დაბიში, დუბაიში, რიადსა და ჯედაში;
-
ონლაინ რეკლამა: ინტენსიური კამპანიები პლატფორმებზე, როგორიცაა Google, Facebook, Instagram, TikTok და Snapchat – საერთო ბიუჯეტი მხოლოდ მედიარეკლამისთვის 77,922 ევრო;
-
ინფლუენსერებთან თანამშრომლობა: ორი მედია ვიზიტი, 10-12 ინფლუენსერის მონაწილეობით, რომელთა ერთობლივი აუდიტორია რამდენიმე მილიონს აჭარბებს;
-
PR აქტივობები და მედიატექსტების გავრცელება: სტატიების მომზადება და პრესრელიზების გავრცელება, როგორც ინგლისურ, ისე არაბულ ენაზე;
-
B2B მიმართულება: ტურისტული სააგენტოებისა და MICE სეგმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები, ადგილობრივი პარტნიორების მოძიება და toolkit-ების დისტრიბუცია;
-
ღონისძიებების მხარდაჭერა: Taste of Abu Dhabi-ისა და მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში ბრენდის ფიზიკური აქტივაცია, მათ შორის სივრცის დიზაინი და მართვა.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ანგარიშგება, რომელიც მოიცავს დეტალურ სტატისტიკას, ფოტომასალასა და ვიდეოკადრებს, ასევე შედეგების ანალიტიკას სხვადასხვა პლატფორმებზე. ყველა დამზადებული ციფრული მასალა და მისთანა საავტორო უფლებები კამპანიის დასრულების შემდეგ გადაეცემა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2025 წლის მარკეტინგული ბიუჯეტი 27.7 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც, ძირითადად, გამარტივებული შესყიდვების გზით იხარჯება.