ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით. ამ ოპერაციების მოცულობა კი ასობით მილიონ ლარს აღწევდა. კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი საქმიანობა საქართველოში ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერად რეგისტრაციას მოითხოვს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე, კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას.

კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად, არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით,"- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების გამოსავლენად.