„ქალაქის გამჭიდროვებას აქვს მოთხოვნები, ეს მოთხოვნები არეგულირებს, რამდენად არის მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვები“, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე „ბიზნესპრესნიუსთან” თბილისში მოსახლეობის ზრდაზე საუბრისას აღნიშნავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ბოლო 32 წლის განმავლობაში, მოსახლეობა ყველაზე მჭიდროდ 1994 წელს იყო დასახლებული. ამ წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 80 კაცს აღწევდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 64 კაცი კი, 2008 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ.-ზე 64.8 კაცი შეადგინა. მაშინ, როცა 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 64.6 კაცი იყო.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რეგიონების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქს ჰქონდა და 1 კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე 2 543 კაცს შეადგენდა.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, თბილისს ყველაზე მეტი - 1 078 297 მოსახლე ჰყავდა.

როგორც მერაბ ბოლქვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, როგორც კი მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვებ ზღვას სცდება, ადგილზე იქმნება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და სხვათა ნაკლებობის პრობლემა.

„ქალაქის გამჭიდროვებას აქვს მოთხოვნები, რამდენზეა დასაშვები გამჭიდროვება. ევროპულ სტანდარტთან ახლოს არის ჩვენი მოთხოვნა, თითქმის იგივეა. მაღალი სიმჭიდროვის და სართულიანობის პირობებში ჩვენს შემთხვევაში ჰექტარზე უნდა იყოს არაუმეტეს 240-280 ადამიანამდე. ამაზე მეტი როგორც კი ჩნდება, არ ყოფნით სპორტული სივრცეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, მწვანე ადგილები, პარკირება, მომსახურების ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სკოლები.

ამ გამჭიდროვების შედეგია ის, რომ თბილისის სკოლებში რეგისტრაცია დასწრებაზეა. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სკოლა და საბავშვო ბაღი სახლიდან 700-800 მეტრიან რადიუსში, საუბარია, საჯარო სკოლაზე - ეს ყოველივე საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. რადგან გადამჭიდროვება მოხდა უსისტემოდ და ხშირად გაუთვალისწინებლად, აღარ ჰყოფნის მოსახლეობას ობიექტები.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სკოლას და საბავშვო ბაღებს ტერიტორიულად უჭირავს დიდი ადგილი. ამ ადგილების გამოძებნა ძალიან რთულია, სკოლის ტერიტორიები უნდა შევინარჩუნოთ, კონტროლი უნდა იყოს მკაცრი, არ შეიძლება სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის ხელის ხლება, თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულ ტერიტორიებზე სკოლებთან ჩადგეს შენობები.

ქალაქგანვითარების პირობები უნდა იქნას მკაცრად დაცული, რადგან არ გაფუჭდეს საცხოვრებელი პირობები. პირიქით, ეს პირობები უნდა გაუმჯობესდეს და არ უნდა დამძიმდეს უკონტროლო გამჭიდროვებით“, - აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი