გასული ათწლეულის განმავლობაში, პლანეტის 3 000-ვე მილიარდერის ქონება რეალურ რიცხვებში $6.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ჯამურად, მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის ქონება სულ მცირე $33.9 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.
კვლევის ავტორის, Oxfam International-ის გამოთვლებით, ეს თანხა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ გლობალური სიღარიბე 22-ჯერ აღმოიფხვრას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის დასაძლევად ერთი ადამიანისთვის დღიურად $3-დან $8.30-მდეა საჭირო, რის მიუხედავადაც, გლობალურად 3.7 მილიარდზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მოსახლეობა "სიმდიდრის გადასახადის" დაწესებისკენ მოუწოდებს და საერთაშორისო ელიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებსაც მართავს.
Oxfam-ის გამოთვლებით, 1995-2023 წლებში მსოფლიოში კერძო კაპიტალი $342 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც 8-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საჯარო ქონების ზრდა, რამაც $44 ტრილიონი შეადგინა.
ამასთან, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები, სრული მოსახლეობის 1%, გლობალურად არსებული აქტივების 43%-ს ფლობენ. 3000 მილიარდერის ქონება კი გლობალური მშპ-ის 14.6%-ის ეკვივალენტია.
უთანასწორობის ეს მასშტაბი თანხვედრაშია საჯარო ქონების ეროზიასთან და საჯარო ინვესტიციების დამანგრეველ კლებასთან. გლობალური სიღარიბის, შიმშილისა და დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ფინანსები წლიდან წლამდე მცირდება, დიდი შვიდეულის ქვეყნები კი 2026 წლისთვის, 2024 წელთან შედარებით, საგარეო დახმარებას 28%-ით ამცირებენ - ეს ყველაზე დიდი შემცირებაა 1960 წელს საერთაშორისო დახმარების აღრიცხვის დაწყების შემდეგ.
ამავე დროს, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში კერძო კრედიტორებისთვის ვალის დაბრუნების გამოწვევა დგას. კერძო კრედიტორებზე მოდის განვითარებადი ქვეყნების საგარეო ვალის ნახევარზე მეტი, რასაც თან გადახდის მძიმე პირობები ახლავს.
Oxfam-ის მოწოდებაა, ქვეყნები განვითარების „საზოგადოებაზე ორიენტირებულ“ მოდელზე გადაერთონ, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი სიმდიდრის აღდგენასა და ისეთი აუცილებელი სერვისების მიწოდებაზე, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ენერგეტიკა - საჯარო ინვესტიციებისა და სამართლიანი დაბეგვრის გზით.