ევროკავშირის ქვეყნები პრინციპულად შეთანხმდნენ შექმნან 150 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული უსაფრთხოების სამოქმედო ფონდი (Security Action for Europe - SAFE) თავდაცვის გასაძლიერებლად, წერენ Reuters და FT, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.

მისი თქმით, ფონდი, რომლის შექმნაც ევროკომისიამ ა. წ. მარტში შესთავაზა, დაფინანსდება ერთობლივი სესხებით და სესხებს გასცემს ევროკავშირის წევრებზე და სხვა ქვეყნებზე, პირველ რიგში უკრაინაზე.

„ბრიუსელისგან აღებული სესხები შეიძლება გადაირიცხოს შეიარაღების ერთობლივი შესყიდვისთვის, რაც ევროპის გადაიარაღებას მოემსახურება.SAFE ფონდის და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული პროგრამის (EDIP) საკითხები განიხილეს ა.წ. 12 მაისს, ლონდონში გამართული ვეიმარის სამკუთხედის გაფართოებული შეხვედრის მონაწილეებმა (Weimar+).

Weimar+ ფორმატი აერთიანებს გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას და ესპანეთს, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.ცნობისთვის: ა.წ. 6 მარტს, ბრიუსელში გამართული EU-ს სამიტის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ უახლოეს წლებში დახარჯავდნენ დაახლოებით 800 მილიარდ ევროს, თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

მოსალოდნელია, რომ 650 მილიარდი ევროს მოსაზიდად, ევროკავშირის ქვეყნებს სახელმწიფო ვალის გაზრდის უფლება მიეცემათ, დარჩენილი 150 მილიარდი ევრო კი ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი სესხების სახით გამოიყოფა“, - წერს გოგიტა სურამელაშვილი.